„როსატომს“ ეგვიპტის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების „განზრახ უგულებელყოფაში“ ადანაშაულებენ. გამოცემა „პოლიტიკოს“ ხელში ჩაუვარდა ეგვიპტის ატომური ელექტროსადგურების ორგანოს (NPPA) შიდა დოკუმენტები და 4 ივნისით დათარიღებული ოფიციალური წერილი, სადაც ეგვიპტური მხარე რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომს“ უსაფრთხოების სტანდარტების „განზრახ უგულებელყოფასა“ და ბირთვული უსაფრთხოების დარღვევაში ადანაშაულებს.
საუბარია ეგვიპტეში, „ელ-დაბაას“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში გამოვლენილ მასშტაბურ ხარვეზებზე. დოკუმენტაციის თანახმად, სამშენებლო არეალზე დაფიქსირებულია სერიოზული სტრუქტურული და ტექნიკური დეფექტები. კერძოდ, ხარვეზები გამოვლინდა პირველ, მეორე და მესამე ენერგობლოკის ფუნდამენტის ფილებში, ხოლო მეოთხე ენერგობლოკზე პრობლემები ბეტონის კონსტრუქციებს შეექმნა. ამასთან, ობიექტების მეტალის დამცავ ფენებს მიღმა აღმოჩენილია სიცარიელეები, რაც კონსტრუქციის სიმტკიცესა და მდგრადობას საფრთხეს უქმნის.
ეგვიპტური მხარის განცხადებით, „როსატომი“ იყენებდა ისეთ მეთოდებს, რომლითაც პროექტი ფურცელზე უფრო დახვეწილი ჩანდა, ვიდრე რეალურად იყო. ოფიციალური პირების შეფასებით, სამუშაოების იმიტაციისა და პროგრესის ხელოვნურად ჩვენების ფონზე, ძირითადი კონსტრუქციების მშენებლობა რეალურად მიწისქვეშა ფაზის ფარგლებსაც კი არ იყო გაცდენილი.
სტატიაში ასახულია უსაფრთხოების რეჟიმისა და შრომის ნორმების უხეში დარღვევებიც. სამშენებლო ტერიტორიაზე გამოვლინდა ფალსიფიცირებული საშვების გამოყენების, ობიექტზე პირების უნებართვოდ შესვლისა და ტერიტორიიდან ფოტო-ვიდეო მასალების უკანონო გაჟონვის შემთხვევები.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ეგვიპტის პროექტში გამოვლენილი პრობლემები პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის უსაფრთხოებას, რადგან „როსატომი“ ზუსტად იმავე ტექნოლოგიით აშენებს უნგრეთში „პაქშ-2“-ის ატომურ ელექტროსადგურს.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სანქციების მიუხედავად, რუსულ მხარესთან თანამშრომლობას აგრძელებს, და როგორც სტატიაშია საუბარი, ეგვიპტური შემთხვევა აჩენს ეჭვებს, რომ უსაფრთხოების უგულებელყოფა რუსული კომპანიის მხრიდან შესაძლოა სისტემურ ხასიათს ატარებდეს.
თავად კორპორაცია „როსატომში“ გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო საინჟინრო სტანდარტებისა და ეგვიპტის ეროვნული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.