საერთო დადებითი ტენდენციები, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, პირდაპირ პროპორციულად აისახება უძრავი ქონების სექტორის დინამიკაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. 

„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე ეს სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომლის განხორციელება დაწყებულია ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტი, რომლის საერთო მოცულობა არის 6,6 მილიარდი დოლარი. ასეთი მასშტაბური ინვესტორის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში ადასტურებს საერთო ნდობას ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და იმ გარემოს მიმართ, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული. მარტო ეს კონკრეტული ინვესტიცია დაახლოებით 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს საქართველოს ეკონომიკას, რაც მის მასშტაბებზე თავისთავად მეტყველებს," - განაცხადა კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.