უძრავი ქონების კომპანია Mycorner.ge-ის დამფუძნებელი, თამუნა წოწორია ვარაუდობს, რომ საცხოვრებელი ბინის ქირის ფასების კლება შესაძლოა გაგრძელდეს.
როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, მოთხოვნის შემცირება და ბაზრის თანდათან სტაბილიზაცია ქირის ღირებულების დინამიკურ კლებას იწვევს.
„ვფიქრობ, მოთხოვნის სიმცირიდან გამომდინარე, ფასები კიდევ ცოტათი დაიკლებს. ახლა აქტუალურია ყიდვა, ვიდრე ქირაობა – მომხმარებელიც უფრო გააზრებულად იქცევა. უცხოელთა მხრიდან ხელოვნურად გაზრდილი მოთხოვნა, რომელიც ომის ფონზე გაჩნდა, აღარ არის ისეთი მაღალი და ჩემი აზრით, ამ ტენდენციის განმეორება მოსალოდნელიც არ არის”, – ამბობს წოწორია.
მისი შეფასებით, ქირა საშუალოდ 5-10%-ით არის შემცირებული: „ვერ ვიტყვი, რომ საგრძნობლად დაეცა ფასები, მაგრამ საშუალოდ 5%-მდე კლებაა. მაქსიმუმი შეიძლება იყოს 10%“, – განმარტავს ის.
წოწორიას თქმით, საბურთალო კვლავ ყველაზე მოთხოვნად უბნად რჩება როგორც საცხოვრებელი, ასევე საოფისე ფართების თვალსაზრისით: „ყველა ბიზნესცენტრი და სავაჭრო სივრცე ამ ტერიტორიაზეა თავმოყრილი. განსაკუთრებით მოთხოვნადია პეკინისა და ჯიქიას ქუჩების მონაკვეთი“, - აცხადებს წოწორია.
მისივე ინფორმაციით, ყველაზე პოპულარული რჩება პატარა ბინები, 50-60 კვ.მ. რომელთა ქირის საშუალო ფასი 550-650 დოლარია, ხოლო ორ საძინებლიანი ბინები დაახლოებით 200 დოლარით უფრო ძვირად ქირავდება.
ბოლო პერიოდში, მისივე თქმით, უცხოელების გარდა, ქირის ბაზარზე გააქტიურდნენ ქართველი სტუდენტებიც, რის გამოც სექტემბერ-ოქტომბერში მოთხოვნა გაიზარდა როგორც ქირაობაზე, ისე ბინების შეძენაზე.
ინფორმაციისთვის, "თიბისი კაპიტალის" მიხედვით, სექტემბერში თბილისში ბინის ქირა 10%-ით შემცირდა. პუბლიკაციაში წერია, რომ 1 კვ.მ-ზე გასაქირავებელი ფასმა სექტემბერში 10.2 დოლარი შეადგინა.