ბათუმის პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებზე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა.
ხრეშის შეტანა, პროექტის მიხედვით, ორ ადგილზეა დაგეგმილი: აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მოპირდაპირედ – აქ შესატანია 40 ათასი კუბური მეტრი ხრეში, ხოლო მეორე ადგილია ახალი ბულვარის გასწვრივ – ზღვისგან დანგრეული პირსის მიმდებარედ – აქ შეიტანენ 70 ათას კუბურ მეტრ ხრეშს.

ბათუმის სანაპირო აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / აქ 40 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეიტანონ ნაპირის დასაცავად / ფოტო: 27.12.2025
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 7 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში – 12 იანვარს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება, სამუშაოები დაასრულოს – სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 61 დღეში.

ბათუმის სანაპირო – ახალი ბულვარის გაგრძელება / აქ ნაპირის დასაცავად ლოდების წინ ხელოვნური პლაჟის მოწყობაა აუცილებელი / ფოტო: 27.12.2025
„ბათუმში ზღვის სანაპირო ზოლის ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების, არსებული რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქციის [პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების]“ შესყიდვაზე ტენდერი 2 472 349 ლარითაა გამოცხადებული.
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტში კი პლაჟის ხელოვნური კვებისთვის მთლიანობაში 2 650 000 ლარია გაწერილი.
2 მილიონი ლარი იყო გაწერილი 2025 წლის ბიუჯეტშიც, თუმცა, ეს თანხა ხრეშის შესატანად არ გამოიყენეს და როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, მხოლოდ პროექტი შეისყიდეს.
პროექტში, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები, აღნიშნულია, რომ „2023-2024 წლებში სანაპირო ზოლის კვების მიზნით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე რეცხვადი ბერმის სახით შემოტანილი იქნა პლაჟწარმომქმნელი მასალა. აღნიშნულმა ღონისძიებამ დადებითი შედეგი გამოიღო. კერძოდ, შტორმული სეზონის დროს არ მოხდა ბულვარის ტერიტორიის წარეცხვა. შექმნილი პლაჟი გაუმკლავდა ტალღის ზემოქმედებას.
დღეისათვის რეცხვადი ბერმის ტანი, ნაწილობრივ წაირეცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოტანილი მასალა გამოყენებულ იქნა ნაპირფორმირების პროცესში. ამდენად
საჭიროდ მიგვაჩნია რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქცია და შესაბამისი მასალით შევსება“.

ბათუმის სანაპირო ახალი ბულვარის მიმდებარედ / აქ წინა წლებში ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი [რეცხვადი ბერმა] ზღვამ ნაწილობრივ წარეცხა. ამჯერად 70 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა დაგეგმილი 2026 წლისთვის / ფოტო: 27.12.2025
ამავე პროექტის მიხედვით: „აჭარაში შტორმული სეზონი ზამთარში დგება, როდესაც 2 მეტრი და მეტი სიმაღლის ტალღების განმეორებადობა აღწევს 30 პროცენტს, ზაფხულში ეს მონაცემი მცირდება 5-13 პროცენტამდე, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე 15-17 პროცენტს შეადგენს. დაფიქსირებულია ძლიერი შტორმების ერთეული შემთხვევები ზაფხულში და გაზაფხულზე, როდესაც ტალღის სიმაღლე ღია ზღვაში აღწევდა 7-8 მეტრს.“
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტში კი აღნიშნულია, რომ „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების მიზანი შავი ზღვის ქალაქ ბათუმის სანაპირო ზოლის შენარჩუნებაა“.
„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – ეს კი იმ დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც სამი წლის წინ აჭარის მთავრობის დაკვეთით მომზადდა.
აჭარის მთავრობიდან, ასევე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და ბათუმის მერიიდან „ბათუმელებს“ დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე – დაწყებულია თუ არა მუშაობა ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიაზე.