შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ საწარმოო ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას გეგმავს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია რეზერვუარების ნაწილის დემონტაჟს, ნაწილის ექსპლუატაციიდან გამოყვანასა და რიგი ავზების ფუნქციური დანიშნულების ცვლილებას აპირებს.

კომპანიის განმარტებით, პროექტი ტერმინალის გაფართოებას არ ითვალისწინებს და მიზნად არსებული ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტიან გამოყენებას ისახავს, რადგან ბოლო წლებში ტვირთბრუნვა საპროექტო სიმძლავრის მხოლოდ 21-38%-ს შეადგენდა.

დოკუმენტის მიხედვით, 2026-2030 წლებში ტვირთბრუნვა წლიურად დაახლოებით 4.3 მილიონ ტონამდეა პროგნოზირებული, რაც კვლავ ჩამორჩება ტერმინალის 5.02-მილიონტონიან საპროექტო შესაძლებლობას.

ოპტიმიზაციის ფარგლებში შეიცვლება რამდენიმე რეზერვუარის ფუნქცია, განახლდება გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურა, ხოლო ნავთობნარჩენების მართვაში კომპანია მესამე მხარის ჩართვასა და ბიორემედიაციის ტექნოლოგიის დანერგვის შესაძლებლობასაც განიხილავს.