„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ (TCRC) ანალიტიკურ მასალის მიხედვით, სომხეთის მიერ თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით არსებული სასაზღვრო სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენამ შესაძლოა, რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედებას შეუწყოს ხელი და საქართველოზე გამავალი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისთვის კონკურენტული გარემო შექმნას.

TCRC-ის ინფორმაციით, სომხეთისთვის რკინიგზა, მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ზღვაზე გასასვლელის არქონის გათვალისწინებით, სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ განმარტებით, ამ ეტაპზე ღიად რჩება ერასხი-ნახიჩევანისა და გიუმრი-თურქეთის საზღვრის სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენის საკითხი.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მხარეს აღნიშნული მონაკვეთების აღდგენის საკითხი ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში დაუყენა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ სომხეთი სამუშაოების დამოუკიდებლად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე განხორციელებისთვისაც მზად იყო. სომხეთის ხელისუფლება ასევე აყენებს საკითხს, რამდენად მიზანშეწონილია ქვეყნის სარკინიგზო სისტემის რუსეთის მიერ მართვის გაგრძელება“, - წერს TCRC

TCRC აღნიშნავს, რომ თურქეთის საზღვართან მდებარე ახურიანის სარკინიგზო მონაკვეთის მდგომარეობა შედარებით ხელსაყრელია. იქ შემორჩენილია ლიანდაგი და დამხმარე ინფრასტრუქტურა, რის გამოც მისი აღდგენა, სომხეთის რკინიგზის ყოფილი თანამშრომლების შეფასებით, სათანადო დაფინანსების პირობებში შესაძლოა სამ-ოთხ თვეში მოხერხდეს.

მათივე ინფორმაციით, 2008-2026 წლებში, როდესაც სომხეთის რკინიგზა რუსეთის რკინიგზის კონცესიის ქვეშ იმყოფებოდა, ინვესტიციების მოცულობამ 388 მლნ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში 700-კილომეტრიანი სარკინიგზო ქსელის 520 კილომეტრზე მეტი გარემონტდა, ასევე აღდგა 50 საინჟინრო ნაგებობა.

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ანალიტიკურ მასალაში ყურადღება გამახვილებულია სომხური მარშრუტის შესაძლო კონკურენტულ უპირატესობაზეც. კერძოდ, ექსპერტების შეფასებით, ყარსი-გიუმრის სარკინიგზო ხაზი თურქეთის მხარეს მშენებარე ყარსი-იგდირი-არალიკი-დილუჯუ-ნახიჩევანის ხაზზე 80 კილომეტრით მოკლეა. ამასთან, სომხეთის მონაკვეთზე ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს და მისი ნულიდან აშენება საჭირო არ იქნება.

TCRC-ის ინფორმაციით, განსხვავებული ვითარებაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შემთხვევაში. ცენტრი მიუთითებს, რომ ქართულ მხარეს მოუწევს აზერბაიჯანის მიერ პროექტში ჩადებული 775 მლნ დოლარის ინვესტიციის ამოღება, რაც, ავტორთა შეფასებით, მაღალი ტარიფების დაწესებას შეიძლება უკავშირდებოდეს.

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ სომხეთის მიერ თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით სასაზღვრო სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენა ქვეყანას რეგიონულ სატრანსპორტო კონკურენციაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. შედეგად, საქართველოზე გამავალ ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებას სომხეთის მარშრუტის სახით ახალი კონკურენტი შეიძლება გამოუჩნდეს.