ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. მისი თქმით, სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად აგრძელებს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. მისი შეფასებით, პროექტი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობას მნიშვნელოვნად აძლიერებს და რეგიონს მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს ანიჭებს.

კობახიძის თქმით, საქართველოს მონაკვეთი რეგიონში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია. მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე სარკინიგზო ხაზის სიგრძე 180 კილომეტრს შეადგენს, საიდანაც 153 კილომეტრზე განხორციელდა რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია, ხოლო 27 კილომეტრზე აშენდა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.

პრემიერის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, საპილოტე რეჟიმში უკვე გადაიზიდა 1.8 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის დაახლოებით 90 ათასი კონტეინერი. მისი თქმით, ამ პერიოდში მკაფიოდ გამოიკვეთა სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკა, რაც ადასტურებს დერეფნის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხოლო მარშრუტის სრულად ამოქმედების შემდეგ მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს. პრემიერის შეფასებით, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო გააძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა აქტიურად აგრძელებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის განახლებას. მისი თქმით, ამ პროექტების განხორციელება ეტაპობრივად ზრდის ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ პოტენციალს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის საიმედო და ეფექტიანი დამაკავშირებლის როლს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებაში საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან. მისი თქმით, სწორედ ასეთი თანამშრომლობის შედეგია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სრულფასოვანი ამოქმედებაც.

„გლობალური გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელები ეკონომიკური განვითარების უმთავრესი წინაპირობაა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ის ევროპასა და აზიას კიდევ უფრო აახლოებს და ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას აძლიერებს მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.