თბილისის განვითარების ფონდი დავით აღმაშენებლის გამზირის N184-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას გეგმავს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ისტორიული შენობა წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, სადაც ამჟამად 30-მდე ოჯახი ცხოვრობს.

„შენობის ტექნიკური მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს გადაუდებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებებს. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობის რეაბილიტაციის პროექტი თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წელს შეისყიდა, თუმცა არსებული ვითარებისა და წლების განმავლობაში შენობის მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით, პროექტი საჭიროებს განახლებასა და დამატებით ტექნიკურ გადამუშავებას. შესაბამისად, გადაიხედება როგორც საპროექტო, ისე ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, არსებული საინჟინრო და ტექნიკური დასკვნების მიხედვით, შენობის მდგომარეობა ავარიულობის მაღალი ხარისხით ხასიათდება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაზიანებულია როგორც ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები, ისე აივნები, შუშაბანდები და სარდაფის ნაწილი, რაც საფრთხეს უქმნის შენობის მდგრადობას და თავად მოსახლეობას.

„სამუშაოები ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავების დასრულების შემდეგ დაიწყება.  თბილისის განვითარების ფონდი გამოაცხადებს ტენდერს სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე, რის შემდეგაც  შენობის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია დაიწყება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს