თბილისის მერიამ აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, იგეგმება ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე თამარ მეფის გამზირიდან სანქტ-პეტერბურგის ქუჩამდე (მეტრო „მარჯანიშვილამდე“) მონაკვეთის რეაბილიტაცია.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 696 865 ლარია. დაფინანსების წყარო თბილისის 2026 წლის ბიუჯეტია. წინადადებების მიღება 29 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის საერთო სიგრძე 1160 მეტრია. ეს მონაკვეთი წარმოდგენილია როგორც პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი კი დაგეგმილია სანქტ-პეტერბურგის ქუჩიდან ანზორ ერქომაიშვილის ქუჩამდე, რომლის შესახებაც ტენდერი ალბათ მოგვიანებით გამოცხადდება.

“საპროექტო მონაკვეთზე არსებული საგზაო საფარი წარმოდგენილია ნაწილობრივ ასფალბეტონის და ნაწილობრივ ქვის ფილებით. ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდისა და ინტენსიური სატრანსპორტო დატვირთვის შედეგად, საფარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. ცალკეულ უბნებზე შეინიშნება საფარის სტრუქტურული დეფორმაციები, მრავალრიცხოვანი ბზარები, ადგილობრივი ჩაჯდომები, ზედაპირის ცვეთა, აგრეთვე დარღვეულია როგორც გრძივი, ასევე განივი ქანობები, რაც უარყოფითად აისახება ზედაპირული წყლების დრენაჟზე და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე”, - წერია საპროექტო დოკუმენტაციაში.

პროექტით გათვალისწინებულია ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია და/ან ახალი შესასვლელების მოწყობაც. ასევე, გათვალისწინებულია როგორც არსებული დაზიანებული წყალსამღები ჭების აღდგენა, ასევე ახალი ჭების მოწყობა. ტროტუარების რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული ფილების მაქსიმალურად შენარჩუნება და ხელმეორედ გამოყენება იმ უბნებზე, სადაც მათი ტექნიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა. „დაზიანებული და ექსპლუატაციისთვის უვარგისი ელემენტები ჩანაცვლდება ახალი, ანალოგიური ტიპისა და მახასიათებლების მქონე ფილებით, რაც უზრუნველყოფს ქუჩის არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებას“, - წერია დოკუმენტაციაში.

გარდა ამისა, დაგეგმილია ახალი საგზაო ნიშნების მონტაჟი, ჰორიზონტალური და ვერტიკალური საგზაო მონიშვნის მოწყობა.

სამუშაოების მიწოდების ვადა სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 30 კალენდარული დღეა.

სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24-საათიან რეჟიმში.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას გზაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა. რისთვისაც საჭიროა სამუშაოები ჩატარდეს ეტაპობრივად - ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე ტრანსპორტის მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი - პირიქით.

bm.ge