ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაზრდილია. „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემებით, გასული წლის ბოლოს, ვადაგადაცილებული სესხების საკრედიტო პორტფელი 2.8 მლრდ ლარი იყო, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 200 მილიონი ლარით მეტია. ამასთან, 31 დღეზე მეტი ვადაგადაცილება 369 974 ფიზიკურ პირს უფიქსირდება, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი ეს მაჩვენებელი 368 310 იყო.
როგორც „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ვადაგადაცილებების მიმართულებით, ყველაზე მაღალი რისკიანობით სამომხმარებლო სესხები გამოირჩევა, რასაც მოსდევს ოვერდრაფტები და სალომბარდე სესხები.
„იპოთეკური სესხები, მისი შინაარსიდან გამომდინარე, რადგან სრულად უზრუნველყოფილია, ყველაზე დაბალი რისკიანობით გამოირჩევა და შესაბამისად, ამ ნაწილში ვადაგადაცილებული სესხების წილი დაბალია,“ - აღნიშნა ლაშა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, იანვარში საკრედიტო აქტივობის კუთხით ტემპი დავარდნილია და მნიშვნელოვანი ზრდა ამ მიმართულებით არ ფიქსირდება.
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კრედიტინფოს ბაზაში მოცემული საკრედიტო ვალდებულებების ჯამური ოდენობა 74.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 3.3%-ით მეტია ნოემბრის მონაცემებზე.