გუშინ ამოქმედებულ ენერგეტიკულ ბირჟაზე, რომელზედაც 4 მონაწილე იყო დარეგისტრირებული, ვაჭრობა არ შედგა.

„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ განცხადებით, ვაჭრობა არ შედგა, რადგან ელექტროენერგიის გამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე მყიდველების გადახდაზე მზადყოფნა.

ბირჟის ინფორმაციით, 2 ივლისის 18:00-19:00 პერიოდში ელექტროენერგია ხელმისაწვდომი იყო 140.51 ლარი/მგვტ.სთ (14.051 თეთრი/კვტ.სთ) ფასად, ხოლო მყიდველი მზად იყოს გადაეხადა არაუმეტეს 122.75 ლარი/მგვტ.სთ (12.275 თეთრი/კვტ.სთ). მსგავსი სურათი იყო სხვა საათებისთვის.

2024 წლის 1 ივლისს ვაჭრობისათვის (2024 წლის 2 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის) რეგისტრირებული იყოს ოთხი მონაწილე, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ განეთავსებინათ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის განაცხადები დღით ადრე ბაზარზე.

ბირჟის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბაზრის მონაწილეები არიან:

  • სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
  • შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია;
  • შპს რიცეულაჰესი;
  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია.

6-ჯერ გადავადების შემდეგ, გუშინ ამოქმედებული ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.