საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა დასაქმების და განათლების მიღმაა დარჩენილი, ევროკავშირში კი - მხოლოდ ყოველი მეცხრე, ანუ 2.5-ჯერ ნაკლები, - ამის შესახებ ინფორმაციას ISET Policy Institute ავრცელებს.

ევროსტატის“ მიხედვით, ევროზონაში ყოველი მეათე 15-დან 29 წლამდე ევროპელი არც მუშაობს და არც სწავლობს. ევროპელ ახალგაზრდებს შორის ამ კატეგორიას მიეკუთვნება ახალგაზრდების 11,2%. ეს მაჩვენებელი 0,5%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით.

რაც შეეხება საქართველოს, 2023 წელს ფრიდრიხ ებერტის ფონდმა სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დაკვეთით მოამზადა კვლევა, რომელიც საქართველოში ახალგაზრდების ცხოვრების ასპექტების შესწავლას ისახავდა მიზნად.

კვლევის მიხედვით, რომ 2023 წელს ახალგაზრდების უმრავლესობა (58%) ამბობს, რომ არ აქვს სამსახური და ყოველი ხუთი გამოკითხულიდან ერთი (21%) აქტიურად ეძებს სამსახურს.

14-29 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% აღნიშნავს, რომ ამჟამად არც განათლებას იღებენ, არც რაიმე სასწავლო კურსს გადიან და არც მუშაობენ. ეს მახასიათებელი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, 25-29 წლისა და თბილისს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებში.

14-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ერთი მესამედი (35%) დასაქმებულია. აქედან 20% დასაქმებულია სრული განაკვეთით, 4% – ნახევარი განაკვეთით, 2% – დასაქმებულია პერიოდულად, 9% კი ამბობს, რომ თვითდასაქმებულია. დასაქმებულთა უმეტესობა მუშაობს კერძო სექტორში (72%), მხოლოდ 16% დასაქმებულია საჯარო სამსახურებში, ხოლო გამოკითხულთა დარჩენილი ნაწილი დასაქმებულია სხვა სექტორებში.