კონტროლიორების მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 63%-ით გაიზარდა და 2026 წლის იანვარ-ივლისში 2.007 მლნ ლარი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მონაცემების მიხედვით, 2026 წლის პირველ შვიდ თვეში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 007 127 ლარი შევიდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ამ მიმართულებით ხაზინაში 1 232 133 ლარი აკუმულირდა.

ამასთან, გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული მთლიანად შემოსავალიც. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-ივლისში ამ კატეგორიიდან ბიუჯეტში 353 915 403 ლარი შევიდა, მაშინ როცა 2025 წლის იმავე პერიოდში მაჩვენებელი 223 865 716 ლარს შეადგენდა.

ამრიგად, ერთი წლის განმავლობაში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 58%-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, მას დამატებით 40-ლარიანი საურავი ეკისრება.