მინიმალური ხელფასის ზრდაზე საუბარი ხშირად სოციალური დაცვის ჭრილში მიმდინარეობს, თუმცა რეალობა შრომის ბაზარზე გაცილებით რთულია. ეკონომისტ ამირან კაპანაძის შეფასებით, იმ სეგმენტში, სადაც დასაქმებულთა შემოსავალი 1000 ლარს არ აღემატება, ძირითადად დაბალკვალიფიკაციური შრომაა კონცენტრირებული და დამსაქმებლებს არსებული ბიუჯეტიდან მეტის გადახდა არ შეუძლიათ.

„როდესაც ვსაუბრობთ მინიმალურ ხელფასზე და სეგმენტზე, რომელშიც დასაქმებულებს 1000 ლარზე ნაკლები აქვს შემოსავალი, ეს დაბალკვალიფიკაციური შრომაა. თავად დამსაქმებლები არ არიან მზად, რომ მეტი გადაიხადონ თავიანთი ბიუჯეტიდან და შესაბამისად, დასაქმებული ჰყავთ ეს ადამიანები.

თუ დამსაქმებელს განსაზღვრული აქვს, რომ 5000 ლარი გადაიხადოს ყოველთვიურად, თუნდაც 50 ლარის დამატება რომ მოუწიოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ  პირობითად ხუთი დასაქმებულიდან ერთს უნდა დავემშვიდობო და სხვებზე გადავანაწილო შრომითი ძალა. ასე რომ, ეს ე.წ ხელფასზე ზრუნვა ნიშნავს, რომ ან ჩრდილოვან ეკონომიკაში ვუშვებთ დასაქმებულებს, ან უმუშევრობას ვზრდით“,- აღნიშნა კაპანაძემ „კომერსანტის“ ეთერში.

ამირან კაპანაძის აზრით, მოქალაქეებისთვის შვებას საშემოსავლო გადასახადის შემცირება ან მოქმედი საპენსიო სქემის გადახედვა მოიტანდა.

„თუ ვინმეს დასაქმებულის პირობების გაუმჯობესება უნდა, ყველაზე კარგი გამოსავალია საშემოსავლო გადასახადის შემცირება ან იმ საპენსიო სქემის გაუქმება, რომელიც ახლა მოქმედებს. რეალურად, დღეს საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობიდან იღებს დამატებით თანხებს, რომლებსაც ბოლოს ბანკებს უბრუნებს და როცა ადამიანებს, როცა ფული არ ყოფნით ისევ ბანკებიდან იღებენ სესხს.

საქართველოში რადგან არ არსებობს საფონდო ბაზარი და ამ დანაზოგებს ზრდის პერსპექტივა არ გააჩნია, ჩვენივე გადახდილ ფულს ვაძლევთ ბანკს და როცა გვჭირდება, ისევ ბანკიდან ვსესხულობთ.  რეალურად ამ თანხებს ჰიპერინფლაციის პირობებში, არანაირი მომავალი არ აქვთ, რომ დანაზოგის პერსპექტივა ჰქონდეს.

დღეს დაზოგილ 100 ლარს თუნდაც ათ წელიწადში რომ მიწევდეს პენსია, განახევრებული მსყიდველუნარიანობა ექნება“,- აღნიშნა ეკონომისტმა.