უკრაინამ ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„დღეს უკრაინამ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების პაკეტი დააწესა. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ უკრაინელების მკვლელობაში მისი დახმარების ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში რუსებმა ბელარუსში განალაგეს დრონების მართვის სისტემა, რამაც გაზარდა რუსეთის არმიის შესაძლებლობები.
„ბელარუსის ასეთი დახმარების გარეშე რუსები ვერ შეძლებდნენ ზოგიერთი დარტყმის განხორციელებას, კერძოდ, ჩვენს რეგიონებში ენერგეტიკული ობიექტებისა და რკინიგზის წინააღმდეგ“, – წერს ზელენსკი.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, 3000-ზე მეტი ბელარუსული საწარმო ემსახურება რუსეთის „ომის მანქანას“, ამარაგებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობით, დანადგარებითა და კომპონენტებით.
„ბელარუსის ტერიტორიაზე „ორეშნიკის“ განლაგებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ ყველა ევროპელს. ალექსანდრ ლუკაშენკო, დიდი ხანია, ეხმარება რუსებს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში, აქტიურად ამართლებს რუსეთის ომს და ახლა ის ზრდის საკუთარ მონაწილეობას ომის გაფართოებასა და გახანგრძლივებაში. ამას განსაკუთრებული შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.