TBC Capital-ი წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის 7.5%-მდე შემცირებას პროგნოზირებს.

საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში წერია, რომ იანვარში ფასები წლიურად 4.8%-ით გაიზარდა, რაც დეკემბრის 4%-იან მაჩვენებელზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის პროგნოზი 2026 წლის პირველ ორ თვეში ინფლაციის აჩქარება იყო, იანვრის ინფლაცია მცირედით, თუმცა მაინც TBC Capital-ის 4.5%-იან საბაზო სცენარზე მაღალია.

აღსანიშნავია, რომ სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილში ინფლაცია საკმაოდ აჩქარდა. აგრეთვე, მართალია ფასების ზრდა დიდწილად სურსათის ქვეჯგუფში იყო კონცენტრირებული, თუმცა აღმავალი დინამიკა სამომხმარებლო კალათის არა ცალკეულ პროდუქტებში, არამედ შედარებით ფართო ასორტიმენტში დაფიქსირდა.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ინფლაციის პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვაა საჭირო, შესაძლოა, თუმცა მხოლოდ მცირედით: იმპორტული ინფლაცია სუსტი რჩება, შრომის ბაზრიდან ზეწოლა არ იკვეთება, მომსახურების ინფლაცია კი - რომელიც გრძელვადიან ტენდენციებს ყველაზე ზუსტად ასახავს - თვიურ ჭრილში მცირედი ზრდის მიუხედავად მაღალი არაა.

TBC Capital-ის პროგნოზით, მარტისთვის ფასების წლიური ზრდა 4%-ს დაუახლოვდება, ხოლო შემდგომ თანდათან შენელებას განაგრძობს. ინფლაციის პროგნოზის კუთხით ასევე საყურადღებოა გაზაფხულიდან, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდა და, მეორე მხრივ, სურსათის ფასების შესაძლო კორექტირება, რასაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და კონკრეტული ინფორმაციის არარსებობის გამო, მოცემულ პროგნოზში გათვალისწინებული ჯერჯერობით არ არის.

მაღალი ინფლაცია, თავისთავად უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მოიაზრებს. თუმცა ერთი მხრივ, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებისთვის არა მიმდინარე ინფლაცია, არამედ მისი პროგნოზია მნიშვნელოვანი. შესაბამისად, რადგან საბაზო სცენარი კვლავ ინფლაციის შენელებაა, სახეზეა რეფინანსირების განაკვეთის შემცირების წინაპირობაც.

მეორე მხრივ, მიმდინარე ინფლაციის მნიშვნელოვანი მერყეობა მოლოდინებზე ახდენს გავლენას, რაც, შესაძლოა, პროგნოზს გადაეცეს. გასათვალისწინებელია იანვარში ფასების ზრდის ტემპის აჩქარებაც. საბოლოო ჯამში, მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყების თარიღზე გადაწყვეტილება სებ-ის მიერ ერთჯერადი ფაქტორების გავლენის შეფასებაზეა დამოკიდებული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა დღეს, 11 თებერვალს გაიმართა.