საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს "2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები. აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკის მოქმედი ჩარჩოს პირობებში, რომლის მიხედვითაც მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია, ეკონომიკაზე მისი გადაცემის ეფექტიანობის გათვალისწინებით, თანმიმდევრული ნაბიჯები როგორც გამკაცრების, ისე ნორმალიზების მიმართულებით, საქართველოში ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„ოქტომბრის თვეში ეროვნულმა ბანკმა განაახლა მაკროეკონომიკური პროგნოზები. მიმდინარე ცენტრალური სცენარით, ინფლაცია დროებით 3%-იანი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება და 2025 წელს საშუალოდ 4.0%-ს შეადგენს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, ერთობლივი მოთხოვნის ნორმალიზაციისა და სურსათის ფასებიდან მომდინარე ინფლაციური ეფექტების მილევის პირობებში, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ხაზი გაუსვა მაღალ ეკონომიკურ აქტივობას და აღნიშნა, რომ მას მეტწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს. კერძოდ, წარმოების პოტენციალის გაუმჯობესება ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის ფასებზე გავლენას გარკვეულწილად ანეიტრალებს.

„წინასწარი მონაცემებით 2025 წლის 9 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.4% იქნება. შემდგომ წლებში რეალური აქტივობის ზრდის ტემპი მის გრძელვადიან დონესთან ეტაპობრივ ნორმალიზებას განაგრძობს“, - აღნიშნა მან.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ინფლაციის თარგეთირების პირობებში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისა და სამომავლო ტრაექტორიის შესახებ გადაწყვეტილება პროგნოზებზე დაყრდნობით მიიღება. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში გაურკვევლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასეთ პირობებში კი მაღალია პროგნოზიდან გადახრის რისკები.

„ეროვნულმა ბანკმა, 2025 წლის დასაწყისიდან, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რითაც უფრო გამჭვირვალე გახადა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი და რისკების მართვა დააფუძნა შესაძლო სცენარების დეტალურ ანალიზს. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი რეაგირებს იმგვარად, რომ ნებისმიერი იდენტიფიცირებადი რისკის რეალიზების შემთხვევაში ეკონომიკური დანაკარგი მინიმიზებული იყოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს