2024 წელს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო, 1 153 574 ლარის ჯარიმა დაიწერა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) დოკუმენტშია საუბარი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, წელს, მხოლოდ დეკემბერში აღნიშნული ჯარიმებიდან ბიუჯეტში 242 706 ლარი შევიდა.

აღსანიშნავია, რომ კანონის ამოქმედებიდან პირველ თვეს აღნიშნული დარღვევისთვის არავინ დაუჯარიმებიათ, ყოველ შემთხვევაში, ხაზინის დოკუმენტში ამ მუხლიდან შესული ჯარიმის მოცულობა არ იძებნება. უკვე თებერვალში კი 49 200 ლარის ჯარიმა დაიწერა.


2024 წლის თვეების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
იანვარი - 0 ლარი
თებერვალი - 49 200 ლარი
მარტი - 43 000 ლარი
აპრილი - 82 000 ლარი
მაისი - 36 200 ლარი
ივნისი - 70 200 ლარი
ივლისი - 87 601 ლარი
აგვისტო - 51 600 ლარი
სექტემბერი - 124 136 ლარი
ოქტომბერი - 182 336 ლარი
ნოემბერი - 184 795 ლარი
დეკემბერი - 242 706 ლარი

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, კერძოდ, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს. უკვე 2025 წლის 1-ლი იანვრიდან კი აღნიშნული შეზღუდვა სადისტრიბუციო მანქანებზეც ვრცელდება.

თუმცა, რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.

ამასთან, აკრძალვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.

რეგულაციის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.

დიდი ავტომობილების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთებში, შემდეგ მისამართებზეა შეზღუდული: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი