თბილისის საფონდო ბირჟასთან ინსტიტუციური ინვესტორების საბჭოს შექმნა იგეგმება.
როგორც “საქმის კურსის” ეთერში ბირჟის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, საბჭოში კერძო საპენსიო და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები შევლენ და მისი მიზანია, კაპიტალის ბაზარზე კონკრეტული ინსტრუმენტების მიმართ ინტერესების იდენტიფიცირება მოხდეს
როგორც გიორგი ამზაშვილი აღნიშნავს, საქართველოში საფონდო ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების, ე.წ რეიტების მარეგულირებელი ჩარჩოს მიღება.
“თბილისის საფონდო ბირჟასთან ვქმნით ინსტიტუციური ინვესტორების საბჭოს, რომელიც გამოკვეთს მოთხოვნას, თუ რა სურს ამ კაპიტალს და რა ტიპის ინსტრუმენტებზეა მოთხოვნა. თუ ინვესტორები მზად არიან, რომ აქციები იყიდონ, გამოვა აქციები. შესაძლოა, თქვან, რომ ჯერ [აქციებთან] მიმართებაში არ არსებობს მონაცემები და ა.შ და მოდი იქნებ სხვა ინსტრუმენტი ვნახოთ. მაგალითად, რაიმე ჰიბრიდული ინსტრუმენტი, რომელსაც ორივეს [ობლიგაციების და აქციების] მახასიათებელი აქვს. ყოველ შემთხვევაში ამაზე ლაპარაკს დავიწყებთ, რა უნდა ვქნათ, რომ ობლიგაციების გარდა სხვა ინსტრუმენტებიც გაჩნდეს. უზარმაზარი სპექტრია ფასიანი ქაღალდების, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. კარგი ვარიანტი იქნებოდა ისეთი ჰიბრიდული ინსტრუმენტი, რომელსაც ორივეს მახასიათებელი აქვს. მაგალითად, აქვს მაღალი ხარისხის პრეტენზიის უფლება, როგორ ობლიგაციას და მეორე მხრივ, მონაწილეობას მოგების განაწილებაში [აქცია].
იდეალური იქნებოდა, თუ ბოლოში გავა მუშაობის პროცესი ე.წ. რეიტების რეგულაციებზე, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდებზე, იმიტომ რომ უძრავი ქონება არის ძალიან პოპულარული აქტივი და ამას არ დასჭირდებოდა განსაკუთრებული პოპულარიზაცია. ქართველებს უყვართ უძრავი ქონება და შესაბამისად, ადვილად დასანერგი იქნებოდა ეს ინსტრუმენტი. როგორც წესი, “რეიტები” არიან ბირჟაზე მოვაჭრე ფონდები. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ შესაბამის პროექტზე მუშაობა მალე დასრულდება”, - განაცხადა გიორგი ამზაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების რეგულირების ჩარჩოს შექმნაზე უკვე რამდენიმე წელია საუბარი მიმდინარეობს. როგორც მიმდინარე წლის მარტში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინე მიქაბაძე აცხადებდა, შესაბამის კანონმდებლობის შექმნაზე ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობდნენ.