საიდან იწყება მომავალი ჩემპიონების გზა? ეს დიდი თავგადასავალია, რომლის საფუძველიც, უმეტესწილად, ყველასთვის საერთოა: სკოლა, სპორტული დარბაზი, მოედანი, ან სულაც სოფლის მინდორი თუ ასფალტიანი ეზო, სადაც კარის როლს ორი ქვა ასრულებს. ეს არის თვითგამორკვევის, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და ოცნებების დასახვის პერიოდი - დრო, რომელიც ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია.
ნიჭსა და პოტენციალს ასპარეზი სჭირდება: ჟინი, შეჯიბრი, ინტერესი და წახალისება იქცევა მოტივაციად, რომელსაც მხოლოდ წინ მივყავართ.
საქართველოს ბანკი, როგორც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდამჭერი მიიჩნევს, რომ ქვეყნის წარმატების გასაღები ბავშვების განვითარებაშია. შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს და სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი ძალების გამოცდა და დამტკიცება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.
რა არის სასკოლო ლიგა?
ეს არის საქართველოში სკოლის მოსწავლეთა ყველაზე მასშტაბური სპორტული ტურნირი, სადაც მოზარდები სპორტის 15-მდე სახეობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს: მინი ფეხბურთში, კალათბურთში, “თაგ რაგბიში” (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვ. ტურნირებში მონაწილეობა უკვე 20,000-მდე ახალგაზრდამ მიიღო. რაც ყველაზე სასიამოვნოა, პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა მზარდია.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
სკოლის ასაკში, სპორტით დაკავებას მხოლოდ ფიზიკური აქტივობისა და ენერგიის ხარჯვის ფუნქცია არ აქვს. სპორტი არის ინდივიდუალიზმისა და ხასიათის სამჭედლო, ასევე გუნდური მუშაობის, შრომის ეთიკისა და თვითრწმენის გაკვეთილი. ამ პროცესში მოზარდი იღებს უნიკალურ გამოცდილებას, იგებს გამარჯვების გემოს და სწავლობს, რომ შეცდომა თუ მწარე მარცხი მხოლოდ დროებითი მოვლენაა მის ცხოვრებაში, რომ წაქცევის შემდეგ ფეხზე წამოდგომა მას გამარჯვების გოლთან აუცილებლად მიიყვანს.
ახლა, როდესაც ქართული სპორტი თვალსაჩინო პროგრესის გზაზე დგას, სასკოლო ლიგა ქმნის პოპულარიზაციისა და წახალისების საფუძველს იმ მომავალი თაობისთვის, რომელიც წლების შემდეგ, ეროვნულ ნაკრებებში, ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ან მსოფლიო ტურნირებზე დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას. ვინ იცის, შეიძლება სწორედ სასკოლო ლიგის მინი ფეხბურთის ტურნირზე მოთამაშე პატარა ფეხბურთელი გახდეს ხვალინდელი კვარაცხელია, დავითაშვილი ან მიქაუტაძე.
თუ შენც გიყვარს სპორტი - შენი ადგილიც აქ არის!
სასკოლო ლიგის კარი ყველასთვის ღიაა. თუ ხარ მოსწავლე და გინდა გამოსცადო საკუთარი თავი სპორტში, თვალყური ადევნე ტურნირების განრიგს და არ გაუშვა შანსი, შენი მთავარი მხარდამჭერი კი საქართველოს ბანკი იქნება.
და თუ შენც ოცნებობ დიდ წარმატებაზე, გახსოვდეს ლეგენდარული კობი ბრაიანტის სიტყვები: “ღმერთმა ნიჭით დამაჯილდოვა, თუმცა ისე ვშრომობდი, თითქოს ნიჭი საერთოდ არ მქონდა”.
ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.