ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ წელს ეროვნული ბანკი რეზერვების აღდგენას ვერ შეძლებს.

როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, დოლარის ის შესყიდვები, რაზეც ეროვნული ბანკი აცხადებს, არსებული კონიუნქტურითაა განპირობებული, თუმცა საგარეო ვალის გასტუმრების და იზოლაციის ფონზე, წლის ჭრილში სებ ვერ შეძლებს, რომ თუნდაც 500 მლნ დოლარი იყიდოს.

"800 მლნ დოლარის რეზერვები მარტო არჩევნების დროს დაიხარჯა. წელს, საგარეო ვალის მომსახურებისთვის 850 მლნ დოლარი დაიხარჯება ჩვენი ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვებიდან. საგარეო შემოდინებები არ არის, მცირეოდენი გრანტებია და საბიუჯეტო სესხები ძალიან ცოტა, დანარჩენი უნდა შეავსოს ეროვნულმა ბანკმა. გამოდის თურნავა და ამაყობს, 100 მლნ დოლარი ვიყიდეთ, 200 მლნ დოლარი ვიყიდეთ... რეზერვების ბაზარზე ვალუტის ყიდვის შანსი არის ნული. ახლა არის კონიუნქტურა, შემოდის სეზონურად, ვალუტის რაღაც მოძრაობები არის, იმპორტმა იკლო რაღაც გარემოებათა გამო, მაგრამ შეუძლებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა თუნდაც ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტა იყიდოს და ინტერვენციები განახორციელოს ბაზარზე, როდესაც შემოდგომისკენ და უფრო სხვა პირობებში, მით უმეტეს თუკი რაიმე რყევა იქნება საერთაშორისო ბაზარზე რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს ამის რესურსი არ ექნება. ამიტომ, ეროვნული ბანკი რეზერვებს ვერ აღადგენს, ეს შეუძლებელია ერთი მხრივ, საგარეო ვალის დიდი ოდენობით გასტუმრების გამო და მეორე მხრივ, საგარეო იზოლაციის გამო",- ამბობს რომან გოცირიძე.

2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რეზერვების ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 296 მილიონი დოლარით, ანუ 6%-ით ნაკლებია.

bm.ge