ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩოკოშვილმა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სამსონ ურიდიამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 24 ივლისს, ქალაქ ერევანში გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საბაჟო გამშვები პუნქტის ერთობლივი გამოყენების პროექტის განხილვას დაეთმო.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ფიზიკური პირების/სატრანსპორტო საშუალებების მიერ, საზღვრის კვეთის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს და 2013 წლის 17 იანვარს დადებული „სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მხრიდან ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარემ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩოკოშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც განისაზღვრა სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა.
მისი თქმით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოების მოთხოვნების აღსრულებასა და გაზრდილი ტვირთნაკადის პირობებში კანონიერ ვაჭრობას.
აღნიშნული უწყებათაშორისი ვიზიტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით გაიმართა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა.