საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის 2024 წლის საქმიანობა შეაჯამა.
მისი თქმით, ელექტროენერგიის მიმწოდებელ ქსელურ კომპანიებს ინვესტიციები ორჯერ გაეზარდათ, რაც მომავალში ავარიების რიცხვს შეამცირებს.
„მარეგულირებელი კომისიისთვის, როგორც წესი, 2024 წელიც საკმაოდ დატვირთული იყო. მთავარი გამოწვევა ჯერ კიდევ ქსელში მომხდარი ავარიებია, აქედან გამომდინარე, კომისია აქტიურად მუშაობდა, რათა ავარიების რიცხვი შემცირდეს. ეს ეხება წყალმომარაგების საკითხს, განსაკუთრებით, თბილისი-რუსთავი და ელექტროენერგეტიკის სექტორში ცალკეულ მუნიციპალიტეტებს, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებს, სადაც ამინდის გაუარესების დროს ხშირია ავარიული წყვეტები. ერთი წლის წინ ქსელურ კომპანიებს ინვესტიციები გავუზარდეთ, როგორც „თელასისთვის“, ასევე „ენერგო პრო-ჯორჯიასთვის“. თუ „ენერგოპრო“ წლიურად, საშუალოდ 65-70 მილიონ ლარს ხარჯავდა, მათი ინვესტიცია 200 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც ქსელში უნდა ჩადონ, მოაწესრიგონ ქსელი, სატრანსფორმერო ქვესადგურები და ასე შემდეგ. „თელასი“ 55-60 მილიონს ხარჯავდა და გაორმაგდა მათი ინვესტიციის მოცულობა, 170 მილიონ ლარს მიაღწია ინვესტიციებმა. გაზრდილი საინვესტიციო პაკეტი გაგრძელდება 2025 წელსაც“,- აღნიშნა დავით ნარმანიამ.
,,სემეკის“ კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს ისანი-სამგორის მაგისტრალური წყალსადენის პროექტი. ასევე, მასშტაბური სარემონტო სამუშაოები რუსთავში.
„რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, სამჯერ გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა თბილისსა და რუსთავში. კომპანია GWP-ის ახალმა მენეჯმენტმა და კომპანია „აქვალია“, რომელიც გახდა GWP-ის აქტივების ძირითადი მესაკუთრე, შემოიტანა გაზრდილი საინვესტიციო გეგმა, რაც დავუმტკიცეთ. უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქში 22 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი სრულდება. ეს არის სამგორის ტერიტორიაზე მაგისტრალური წყალსადენების და საკანალიზაციო ქსელის გამოცვლა- მომავალში ხშირი ავარიები ამ ტერიტორიაზე აღარ იქნება. რუსთავში ცენტრალური მაგისტრალების წყალსადენები გამოიცვალა, ისევე როგორც ერთადერთი მკვებავი წყლის 18- მეტრიანი მკვებავი არხიდან, 9 კილომეტრი სრულად შეიცვალა. რუსთავშიც ხშირი იყო ავარიები და ველოდებით, რომ რიცხვი აქაც შემცირდება“,- აღნიშნა ნარმანიამ გადაცემა „პროფესიონალების“ ეთერში.