აპრილში საპენსიო ფონდის პორტფელებმა ძლიერი აღდგენა აჩვენა, რასაც, მარტში გაზრდილი მერყეობის შემდეგ, გლობალური საფონდო ბაზრების მკვეთრმა გაუმჯობესებამ შეუწყო ხელი.
ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.
ინვესტორთა განწყობა აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გაუმჯობესდა. ამავდროულად, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დადებითი კვარტალური შედეგები და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული განახლებული ოპტიმიზმი ტექნოლოგიურ და ნახევარგამტარების სექტორებზე პოზიტიურად აისახა. აღნიშნულმა გარემოებამ განსაკუთრებით იმ პორტფელების შედეგებზე იმოქმედა, სადაც საერთაშორისო აქციების წილი შედარებით მაღალია.
აპრილში ყველაზე მაღალი, 5.12%-იანი ზრდა დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების მომგებიანობამ შესაბამისად 3.79% და 2.25% შეადგინა.
წლის დასაწყისიდან დღემდე სამივე პორტფელის შედეგი დადებითია:
🔹დინამიკური - 6.35%
🔹დაბალანსებული - 5.35%
🔹კონსერვატიული - 4.57%
აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) მიღებული შემოსავლიანობითაც ლიდერობს და მისი გაწლიურებული ამონაგები 15.0%-ს შეადგენს. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებლები 13.5% და 10.3%-ია.
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა აპრილის ბოლოსთვის 9.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა საინვესტიციო ამონაგებმა - 2.6 მილიარდ ლარს. სისტემაში სულ 1 546 846 ადამიანის დანაზოგები არის დაცული, შესაბამისად ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 5 912 ლარს შეადგენს.
ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებს, ვრცლად ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.