საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარების დინამიკურ ფაზაშია. ბაზარი, რომლის შემოსავლები 10 წლის წინ მხოლოდ 360 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს 1.5-მილიარდიან ნიშნულს უახლოვდება - ამის შესახებ BMG-სთან დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ბოლო წლებში უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში - პანდემიის შემდგომ წლებში ზრდის ტემპი 17-18%-ს შეადგენდა, წელს კი, სექტორი 12-13%-იან მატებას ელოდება.
„ბოლო წლების განმავლობაში სადაზღვევო ბაზარი საკმაოდ ინტენსიურად იზრდებოდა. ეს ბევრად მაღალი ზრდა არის, ვიდრე ევროპის და მეზობელ ქვეყნებში. ფაქტობრივად, ყოველ ხუთ წელიწადში ბაზარი ორმაგდება. თუ ჩავთვლით, რომ სადაზღვევო პრემია 2015 წელს სადღაც 360 მილიონი ლარი იყო, წელს მილიარდ ნახევარს ველოდებით. შეადარეთ, რამხელა ზრდა არის ზოგადად ამ მიმართულებით“ - ამბობს ონოფრიშვილი.
მისივე განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში, მოგების პარამეტრების შედარებით დაბალი ზრდა კომპანიების მხრიდან ტექნოლოგიურ განვითარებასა და კაპიტალის ზრდაში ჩადებულ ინვესტიციებს უკავშირდება.
რაც შეეხება სადაზღვევო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ საკითხს - ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას, ონოფრიშვილის თქმით, კანონპროექტი პრაქტიკულად, მზად არის და მისი ამოქმედება არა მხოლოდ ბაზარს გაზრდის, არამედ მოსახლეობის სოციალურ დაცვასაც უზრუნველყოფს. ამასთან, მისივე თქმით, ბაზრისთვის საინტერესო იქნება ისეთი სავალდებულო სქემების შემოტანა, როგორიცაა სიცოცხლის დაზღვევა, ქონების დაზღვევა და სხვა.
ონოფრიშვილი ხაზს უსვამს, რომ განვითარებულ ქვეყნებში (ევროპა, აშშ, იაპონია) დაზღვევა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, საქართველოში კი ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, განსაკუთრებით ქონების დაზღვევის მიმართულებით: „ევროპაში ადამიანი დიდ დისკომფორტს განიცდის, როცა რაღაც დაზღვეული არა აქვს. დაზღვევა არის გარანტია, რომ თქვენ ფინანსური ზარალი არ მოგადგებათ შემთხვევითობით, რომელიც თქვენგან დამოუკიდებლად მოხდება. ჩვენთან მოსახლეობა მაინც თვლის, რომ ბინის დაზღვევა ზედმეტი ხარჯია, თუმცა ეს გადასახადი არ არის ძვირი.“
ასევე, მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსთან „დაშენებული“ სადაზღვევო პაკეტების შემოღებაზე, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს, მართონ უფრო მეტი ჯგუფები და გააუმჯობესონ სერვისი.
დღესდღეობით, საქართველოს ბაზარზე 19 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. 9 თვის მონაცემებით, მათ მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 098 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი შეადგინა. ყოველწლიურად იზრდება სადაზღვევო სექტორის წილი მშპ-ში. 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 1.37%-ს მიაღწია.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შეფასებით, სადაზღვევო სექტორი 2025 წელს დაახლოებით, 12-13%-ის ფარგლებში გაიზრდება. მოზიდული პრემია კი, სავარაუდოდ, 1.5 მილიარდ ლარს მიაღწევს.