რუსთავის აზოტის ქარხანა გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასის 39 ლარითა და 40 თეთრით მომატებას სთავაზობს. უკვე მე-5 დღეა ქარხნის თანამშრომლები სახელფასო ანაზღაურების 300 ლარით მომატებასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.

"ჩვენი მიზეზით ქარხანა არ გაჩერებულა, თვითონ გააჩერეს. იყო პრობლემები და იმიტომ გააჩერეს. ჟანგბადიც მაგათმა გააჩერეს, თორემ ხალხი ოთხ საამქროში შედიოდა და ჩვეულებრივად მუშაობდა. არ გვაწყობს 4%-ის მომატება. გვინდა, რომ მოჭრილად რასაც ვითხოვთ ეს დაგვიმატონ. თუ ხალხის მუშაობა უნდათ, კონტაქტი დაამყარონ, გამობრძანდნენ, გვესაუბრონ, გაითვალისწინონ ჩვენი აზრიც და შეთანხმებულად ვიმოქმედოთ...ფასების ზრდა არის პროდუქტებზე, წამლებზე და 39 ლარი და 40 თეთრის მომატება ცოტა დამამცირებელია" [ტვ პირველი] - ამბობს ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი.

გაფიცული თანამშრომლების თქმით, ჟანგბადის საამქროში, რომელსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, მათი მხრიდან ერთი ადამიანი ყოველთვის მორიგეობს.

ადმინისტრაციამ გაფიცულ თანამშრომლებს გუშინ პირობა წაუყენა, რომ თუ ქარხანა სრულად არ დაიტვირთება და პროტესტი არ შეწყდება, ჟანგბადის საამქროს გააჩერებენ. რუსთავის აზოტი კი საავადმყოფოებისთვის ჟანგბადის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.

წყარო: "მთავარი"