ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტის, ლევან გოგიბერიძის განცხადებით, რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედების შემდეგ, ამ ჯგუფის პრეპარატებზე ღირებულების 30-40%-იან შემცირების ტენდენციაა. გოგიბერიძე აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული სექტორი მზად არის რეგულირების პროცესის გაგრძელებისთვის და პროცესში დარჩენილი მედიკამენტების ჩართვისთვის.
მისივე თქმით, სექტორის უმთავრესი ამოცანა ახლა ბაზარზე მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებაა, რათა ფასების რეგულირებამ პრეპარატების დეფიციტი არ გამოიწვიოს.
“სექტორი მზად არის, რომ დარჩენილი დაახლოებით 4,000-მდე დასახელების მედიკამენტიც მოექცეს რეფერენტული ფასწარმოქმნის ჩარჩოში.
[რეფერენტული ფასების ამოქმედების] საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა, იყო პრობლემები იყო... საუბარი იყო იმაზე, თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობაში ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მდგომარეობა იმ ოთხ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რომლებიც აირჩიეს, როგორი იყო იქაური ბაზრის მოთხოვნები და აქაური ბაზრის მოთხოვნები. თუმცა, რადგან ეს დადგინდა, სექტორიც, ნებით თუ უნებლიეთ ამ ჩარჩოებში მოექცა და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ მოხდეს ისე, რომ ჩვენი მოსახლეობა არ დარჩეს რომელიმე მოლეკულის გარეშე. რაღაცა რაღაცით ჩანაცვლდეს", - ამბობს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე.
ცნობისთვის, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის რეფორმა, რომელიც წამლების ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებას გულისხმობს, 2023 წლის 15 თებერვლიდან ამოქმედდა და ამ დრომდე რეგულაცია დაახლოებით 7 000 მედიკამენტს შეეხო.