ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ვადაში ვერ დასრულდა. ობიექტი გუდიაშვილის ქუჩაზე შენდება და იქ ქალაქის პოლიციის პირველი განყოფილების გადატანა იგეგმება.

ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

მედიის ცნობით, "პროექტი 2026 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია.

სტატიის მიხედვით, სამინისტროს თავდაპირველად მშენებლობაზე 3.2 მილიონ ლარზე მეტი ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება, საიდანაც დაახლოებით 1.1 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება კომპანიასთან შეწყდა, ხოლო დასრულებისთვის ახალი ტენდერი 1.6 მილიონ ლარზე გამოცხადდა.

როგორც გამოცემა წერს, შსს-მ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – „გეგუსთან“ – ხელშეკრულება 2025 წლის 16 დეკემბერს შეწყვიტა. უკვე მეორე დღეს კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპანიიის შავ სიაში შეყვანის მოთხოვნით მიმართა.

ამ დროისთვის მშენებლობა კვლავ შეჩერებულია და უცნობია, კონკრეტულად როდის დასრულდება ახალი პოლიციის ოფისის მოწყობა, სადაც ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილება უნდა განთავსდეს. საკითხზე ინფორმაცია გამოცემა „ბათუმელებმა“ გაავრცელა.