"OFAC-ის სანქცია ივანიშვილს აძლევს საშუალებას, ქცევის შეცვლის შემთხვევაში გამოვიდეს სანქციებიდან", - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ეკონომისტი, ბესო ნამჩავაძე, სოციალურ ქსელში წერს. ამის არგუმენტა მას მოჰყავს ის ფაქტი, რომ აშშ-მა ივანიშვილი მაგნიტსკის სიაში არ შეიყვანა, არც ოჯახის წევრები დაუსანქცირა. ეს, ნამჩავაძის აზრით, ნიშვანს იმას, რომ ივანიშვილს აშშ-მა სამოქმედო არეალი დაუტოვა. 

"სადღეგრძელოების და პათეტიკის გარეშე:

ამერიკის სახელმწიფო ხაზინამ (იქაური ფინანსთა სამინისტრო) ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) სანქცირებულთა სიაში (SDN)

სანქციები არის ინდივიდუალური, ანუ დასანქცირდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და არა მისი ოჯახის წევრები.

სანქცია გულისხმობს აშშ-ში მისი აქტივების გაყინვას და მასთან ნებისმიერი ტრანზაქციების შეწყვეტას.

დასანქცირების პარალელურად OFAC-მა გამოსცა ლიცენზია, რომლის თანახმად სანქციები არ ვრცელდება არც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე. გამონაკლისის სახით სანქციები გაავრცელეს რუსეთთან დაკავშირებულ შესაძლო ტრანზაქციებზე და „კრედიტ სვისთან“ დავის ფინანსურ შედეგებზე.

სანქციას თან ახლავს ჩანაწერი Secondary sanctions risk-ზე, რაც ძალიან მკაცრი მიდგომაა. ეს გულისხმობს, რომ ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვინც ივანიშვილთან რაიმე ტრანზაქციას განახორციელებს, აშშ-ს მხრიდან "დაიბლოკება" (შეეზღუდება წვდომა აშშ-ს ფინანსურ რესურსებზე, დოლარზე, ამერიკულ კომპანიებზე და სერვისებზე).

რატომ არ შეიყვანა აშშ-მა ივანიშვილი მაგნიტსკის სიაში, როცა ამის საფუძვლებიც არსებობს?

მაგნიტსკის სია არის ძალიან მკაცრი და ამავე დროს სადამსჯელო, მისი მიზანი არ არის დასანქცირებულ პირს ქცევა შეაცვლევინოს, შეაჩეროს. მისი მიზანი სამუდამო დასჯაა.

OFAC-ის სანქცია ივანიშვილს აძლევს საშუალებას, ქცევის შეცვლის შემთხვევაში გამოვიდეს სანქციებიდან.

OFAC-მა ივანიშვილი არ დაასანქცირა სრულად. წინ კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯები დაიტოვა: სანქციების გავრცელება მის კომპანიებზე, მის ოჯახის წევრებზე და ბიზნეს-პარტნიორ ნათესავებზე.

ასე რომ "მიწაში ჩადეს", "გაანადგურეს" და ა.შ. ტყუილია. მიდგომა არის თანდათანობითი, რაც სწორია. აშშ-მა დაიტოვა ბერკეტები, რომ თუ რეპრესიებს და ანტიდასავლურ პოლიტიკას გააგრძელებს, სანქციები გაუმკაცროს.

გამკაცრების დიდი პოტენციალია წინ, მაგალითად, იქამდეც კი შეიძლება მივიდეს საქმე, რომ გალერია თბილისიდან ბრენდები გამოვიდნენ, სანქციების შიშით.

მხატვრულ-ლიტერატურულ წიაღსვლებს, ჯობია, სწორი ინფორმაცია გაავრცელოთ. იქნებ, თავად დასანქცირებულსაც სხვა რამეს უყვებიან," - წერს ეკონომისტი, ბესო ნამჩავაძე Facebook-ზე.