„ჯერ არ მოგვისმენია, რატომ არ შეიძლება, პირობითად, საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლემ იყიდოს სტომატოლოგიური დაზღვევა და არ გაუუქმდეს საყოველთაო ჯანდაცვა?!“ - ეს კითხვა სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სადაზღვევო სექტორში ე.წ. დაშენებული პაკეტების აღდგენის საკითხს შეეხებოდა.
საქმე ის არის, რომ უკვე არაერთი წელია სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებს და ე.წ. შემავსებელი პაკეტების დაბრუნებას ითხოვს. ე.წ. „დაშენებული“ ანუ შემავსებელი სადაზღვევო პაკეტები ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წელს გააუქმა. შეზღუდვის დაწესება მაშინ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის უკონტროლოდ გაზრდილი ხარჯების შეკავების აუცილებლობით აიხსნა. შედეგად, დღეს არსებული მოდელით, მოქალაქეების დიდს ნაწილს, თუკი ისინი კერძო დაზღვევას შეიძენენ, საყოველთაო პროგრამის დატოვება უწევს.
- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ არწმუნებს სადაზღვევო ინდუსტრია სახელმწიფოს, ე.წ. დაშენებული პაკეტების აღდგენის სარგებლიანობაში ან/და რა არის ჯანდაცვის სამინისტროს არგუმენტი - დღეს რა რისკებს ხედავენ?
- ზოგადად, დაზღვევის ინდუსტრია ძალიან ვცდილობთ, რომ ვიყოთ ობიექტური, რადგან როცა ბიზნესზე ვსაუბრობთ, ყოველთვის არის, ვფიქრობ, უსამართლო კონოტაცია, რომ აი, ბიზნესს რაღაც უნდა... ამიტომ სულ ვცდილობთ, მეორე მხარის ადგილზეც წარმოვიდგინოთ თავი - იქნებ რაღაცას ჩვენ ვამბობთ არასწორად ან არასწორ არტიკულაციას ვაკეთებთ და ა.შ. მაგრამ ჯერ არ მოგვისმენია, რატომ არ შეიძლება, პირობითად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლემ იყიდოს სტომატოლოგიური დაზღვევა და არ გაუუქმდეს საყოველთაო ჯანდაცვა?! ჩვენ ვსვამთ კითხვებს - თუ რაღაც უფასო სერვისები არსებობს და დაზღვეულს სურს, იყიდოს კიდევ რაღაც, რაც უფასო პაკეტში არ შედის, რატომ არ შეიძლება ამის [უფლება] მივცეთ და არ დაიჩაგროს?!
- საერთოდ არანაირ პასუხს არ გცემენ?
- გვქონდა განხილვები, მაგრამ წინ ვერ წავიწიეთ...
- გონივრული ეჭვები მაინც არ გაქვთ - რატომ არ იზიარებს სახელმწიფო ინდუსტრიის სურვილს - რა რისკებს ხედავენ?
- ინდუსტრიაში შეიძლება ვიღაცამ რაღაც იცოდეს, მაგრამ მე არ ვიცი... მართლა ძალიან საინტერესო იქნებოდა, რა არის არგუმენტი. ობიექტურად ვუშვებ, რომ შეიძლება იმ ცვლადის [დაშენებული პაკეტის] პირობებში, იცვლება მოცემულობა და გასაგებია, თუმცა მე არ ვიცი... ზოგადად, საყოველთაო ჯანდაცვის მოდელი ძალიან სწორი და კარგია...