თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონკურენციის სააგენტოს შუამდგომლობა და რამდენიმე დღის წინ TKT.ge-ს შეუჩერა კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციაზე ექსკლუზივი. სასამართლოს პარალელურად კინოს ბილეთების ონლაინ-გაყიდვების ბაზარზე კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწყებული მოკვლევა გრძელდება და როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მოკვლევის შედეგების არეალი შესაძლოა, ბევრად ფართო იყოს და ბევრ სფეროს შეეხოს. სააგენტოს ინფორმაციით, მოკვლევა ასევე ეხება რამდენიმე კომპანიას შორის შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, მათ შორის „თიბისი ბანკს“, TBC Bank Group PLC-ს, შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და კომპანია „თინეთს“.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, ექნება თუ არა გავლენა კონკურენციის სააგენტოს მოკვლევას TBC Bank Group PLC-ს აქციების ფასზე, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.
საფონდო ბირჟის ექსპერტი ჯაბა დიხამინჯია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ კონკურენციის სააგენტო იხილავს ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე კომპანიის ერთ-ერთ პატარა შვილობილს, რომელიც TBC Bank Group PLC-სთვის არც ისე მნიშვნელოვანია, ამიტომ ეს ფაქტი მისი აქციების ფასზე არ იმოქმედებს.
„კონკურენციის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა tkt.ge-სა და მის მფლობელ კომპანია „თინეთის“ მიმართ, ასევე საუბარია TBC Bank Group PLC-ზეც, რომელიც ონლაინ პლატფორმა TKT.ge-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელია. ვთქვათ, რომ კონკურენციის სააგენტო ხმალამოღებული იკვლევს ამ კომპანიებს, დააკისრებს ჯარიმას, რაც არ მგონია ძალიან მაღალი იყოს, კონკურენტს დაუბრუნდება ამის შედეგად მომხმარებლების ნაწილი და ა.შ. რა დააკლდება ამით TBC Bank Group PLC-ს? როგორ შეიცვლება მისი შემოსავალი? ალბათ ეს ძალიან მინიმალური იქნება და განსაკუთრებულად არ იმოქმედებს.
ამ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტო იხილავს ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე კომპანიის ერთ-ერთ მცირე განშტოებას, აქ ხომ დავა არ არის უშუალოდ TBC Bank Group PLC-ს წინააღმდეგ, ამიტომ რაც არ უნდა დაადგინონ და რა ჯარიმაც არ უნდა დააკისრონ ვერ ჩაძირავს მას, შესაბამისად ვერ ექნება აქციების ფასზე გავლენა, ასე ვიტყოდი - ოდნავადაც ვერ შეარხევს.
მაგალითად თემა სხვაგვარად რომ ყოფილიყო და კონკურენციის სააგენტოს მოკვლევა კონკრეტულად TBC Bank Group PLC-ს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის საფუძველზე დაეწყო, მაშინ რა თქმა უნდა იმოქმედებდა აქციების ფასზე, თუმცა მცირე ხნით, როდესაც ეს ამბავი გაივლიდა, მოხდებოდა ჯარიმის გადახდა ან სხვა, შემდეგ ფასი დაუბრუნდებოდა ძველ ნიშნულს, საიდანაც მოხდა ვარდნა. ეს ხომ არ არის ისეთი მოვლენა, როგორიც Credit Suisse-ის შემთხვევაში იყო. იმ შემთხვევაში ბანკი ცუდ მდგომარეობაში იყო, უდიდესი ვალდებულებები ჰქონდა და ინვესტორებს არ უნდოდათ იმ კომპანიის აქციები ქონა რომლებსაც დიდი ვალები დაედო. შესაბამისად მნიშვნელოვანია რამდენად დიდია ამა თუ იმ კომპანიის წილი და ასე ვთქვათ, რამდენად მძიმეა ის აგური რომელიც ამ კომპანიას ფსკერისკენ ექაჩება“, - განმარტავს ჯაბა დიხამინჯია.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საკითხის შესწავლა 2023 წლის გაზაფხულზე ონლაინ პლატფორმა biletebi.ge-ს მიერ TKT.ge-ს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის გამო დაიწყო. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დაწყებული მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადოდ გამოყენებასა და რამდენიმე კომპანიას შორის შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას ეხება.