ირანის ყველაზე მსხვილმა კრიპტობირჟამ Nobitex-მა მასშტაბური კიბერშეტევა განიცადა. ჰაკერებმა პლატფორმიდან 81 მილიონ დოლარზე მეტი ციფრული აქტივი გაიტანეს.
კიბერშეტევის დეტალები ბლოკჩეინ-ანალიტიკოსმა ZachXBT-მა გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, ბირჟიდან თანხების გატანა ორი ე.წ. ,,პერსონალიზებული კრიპტოსაფულის მისამართის" იგივე ,,მორგებული მისამართის" გამოყენებით შეძლეს. ერთ-ერთ მისამართში იკითხებოდა ანტიირანული ტექსტი (TKFuckiRGCTerroristsNoBiTEX), რაც შეტევის პოლიტიკურ ხასიათზე მიანიშნებს. მეორე მისამართი კი შედგებოდა ასო f-სა და სიტყვა Dead-ის განმეორებადი თანმიმდევრობისგან.
კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა ჯგუფმა Gonjeshke Darande-მა აიღო, რომელიც ცნობილია სახელით Predatory Sparrow. ეს ორგანიზაცია აღიარებულია როგორც პროისრაელური ჰაკერული გაერთიანება. ის წარსულში უკვე ფიგურირებდა ირანის ფოლადის ქარხნებზე, საწვავის ინფრასტრუქტურასა და საბანკო სისტემებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებში.
ჰაკერებმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ Nobitex სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთ მთავარ არხს წარმოადგენს. მათივე თქმით, Nobitex ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაფინანსებაში მნიშვნელოვან ბოლს ასრულებს. ისინი დაშიფრული შიდა დოკუმენტებისა და პლატფორმის წყაროს კოდის გასაჯაროებითაც დაიმუქრნენ, რაც ბირჟის მომხმარებლებისთვის დამატებით რისკებს ქმნის.
ამ დროისთვის Nobitex კომენტარს არ აკეთებს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.