თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონკურენციის სააგენტოს შუამდგომლობა და რამდენიმე დღის წინ TKT.ge-ს შეუჩერა კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციაზე ექსკლუზივი. სასამართლოს პარალელურად კინოს ბილეთების ონლაინ-გაყიდვების ბაზარზე კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწყებული მოკვლევა გრძელდება და როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მოკვლევის შედეგების არეალი შესაძლოა, ბევრად ფართო იყოს და ბევრ სფეროს შეეხოს. 

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საკითხის შესწავლა 2023 წლის გაზაფხულზე ონლაინ პლატფორმა biletebi.ge-ს მიერ TKT.ge-ს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის გამო დაიწყო. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დაწყებული მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადოდ გამოყენებასა და რამდენიმე კომპანიას შორის შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას ეხება.

„საკითხი ეხება biletebi.ge-ის საჩივრის საფუძველზე დაწყებულ მოკვლევას, რომელიც მიმდინარეობს tkt.ge-სა და მის მფლობელ კომპანია „თინეთის“ მიმართ. „თინეთის“ დამფუძნებელი არის „თბს ბანკ გრუპი“, რომელიც რეგისტრირებულია ბრიტანეთში. მოკვლევა მიმდინარეობს ორი ძირითადი მიმართულებით: პირველი საკითხი ეხება დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადოდ გამოყენებას, მეორე კი რამდენიმე კომპანიას შორის შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, მათ შორის „თიბისი ბანკს“, TBC Bank Group PLC-ს, შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და კომპანია „თინეთს“ შორის.

ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია კინოთეატრების ბილეთების რეალიზატორ კომპანიასა და „თინეთს“ შორის, ისეთ ჩანაწერებსა და „ექსკლუზივის“ პირობებს მოიცავდა, რომლებიც, წინასწარი შეფასებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის შემზღუდველ ჩანაწერად მიიჩნია. შესაბამისად, მივმართეთ სასამართლოს, რომელმაც ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღნიშნულ ხელშეკრულებაში „ექსკლუზივის“ ჩანაწერის პირობა ამ ეტაპზე, მოკვლევის დასრულებამდე შეჩერებულია. ანუ, თუ შეჩერებამდე მხოლოდ tkt.ge-ს ჰქონდა კინოთეატრების ბილეთების ექსკლუზიურად რეალიზაციის უფლება, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მას ამის უფლება აღარ აქვს და ნებისმიერს შეუძლია, ამ მიმართულებით იმუშაოს. საკითხის მთლიანობაში განხილვისას, მოკვლევამ უნდა აჩვენოს, რეალურად დაირღვა თუ არა კონკურენციის კანონმდებლობა. ძალიან საინტერესო შემთხვევაა.

ამ ეტაპზე საკითხი ეხება კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციას, თუმცა მოკვლევის შედეგების არეალი და რეკომენდაციები, რომლებსაც მოკვლევის ფარგლებში წარმოვადგენთ, შესაძლოა, ბევრად ფართოდ იყოს და ბევრ სფეროს შეეხოს“, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარისგან თავს იკავებენ როგორც tkt.ge-ში, ასევე „თიბისი ბანკში“. Biletebi.ge -ს დამფუძნებელი და დირექტორი დავით მიზანდარი კი კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევისგან დადებით შედეგებს ელის და იმედოვნებს, რომ დაიბრუნებს კინოს ბილეთების ონლაინ გაყიდვის უფლებას, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, საქართველოში პირველად მათ დაიწყეს.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, კონკურენციის სააგენტოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა – შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“  და შპს “ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“)  შორის 2022 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი ექსკლუზივის პირობა.