ევროობლიგაციების მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი, ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში. აღნიშნული განთავსებით მოხდა 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება, კუპონის საბოლოო განაკვეთი დაფიქსირდა 5,125%-ის ფარგლებში, რაც საკმაოდ წარმატებული გამოშვების ნიშანია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

მისი თქმით, გარდა მოზიდული ფინანსური რესურსისა, ახალი ევროობლიგაციის გამოშვება, განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.

 

„ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატება დაფიქსირდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი შემცირებულია 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, რაც ნიშნავს 25 პროცენტზე მეტით შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, ვნახეთ რეკორდულად მაღალი მოთხოვნა საქართველოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებზე. ჯამში, 2,8 მილიარდ დოლარამდე ოდენობის მოთხოვნა დაფიქსირდა, რაც არის 5,5-ჯერ მეტი ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობასთან მიმართებით. ის, რომ ძალიან მაღალია შეფასება საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და გაზრდილია მოთხოვნა, მიუთითებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური და ფისკალური რეფორმების მიმართ ინტერესსა და ნდობაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

როგორც მან აღნიშნა, გაგრძელდება მუშაობა, როგორც ევროობლიგაციების ისე,  მსოფლიოს სხვა ბაზრებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ.

„ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ გვექნება ღონისძიებები, მოვიწვევთ საერთაშორისო ინვესტორებს ქართულ ბაზარზე, სადაც ინტერესი ძალიან მზარდია ბოლო თვეების განმავლობაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.