თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებული დაარწმუნა, რომ სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის, ჩინეთიდან საჭირო ტექნიკის შესყიდვა-ტრანსპორტირებაში დაეხმარებოდა. მისი მითითებით დაზარალებულმა თანხა ჩინურ კომპანიას გადაურიცხა. რამდენიმე დღეში, შემსრულებელმა ორგანიზაციამ, ბრალდებულს, როგორც შუამავალს აცნობა, რომ 51 600 ლარის ღირებულების კონკრეტული ტექნიკის მიწოდებას ვერ შეძლებდა და თანხას დამკვეთს დაუბრუნებდა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა კომპანიას თავისი საბანკო მონაცემები მიაწოდა და თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა. ჩარიცხული თანხა კი სრულად მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს