ბათუმის მერია გოგოლის ქუჩაზე მდებარე, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეული ქონების დასაცავად დაცვის პოლიციას 186 ათას 930 ლარს გადაუხდის. მერიის ინფორმაციით ,ეს ობიექტის 2 თვის განმავლობაში დაცვისთვის საჭირო ჯამური თანხაა.

ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გასაფორმებლად თანხმობის მისაღებად ბათუმის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი კორპუსებიდან იქ შესახლებული პირები უნდა გაიყვანონ, უნდა გაათავისუფლონ ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ საოფისედ დაკავებული ფართობი და კორპუსებში გაითიშოს ელექტროენერგია.

„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2026 წლის 29 იანვრის ბრძანებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცა ქალაქ ბათუმში, ნიკოლოზ გოგოლის ქ. N11ბ-ში მდებარე 16 081 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.

მოქალაქეთა მხრიდან აღნიშნული ფართის თვითნებურად [უკანონოდ] დაკავების თავიდან აცილების მიზნით [რისი მცდელობაც უახლოეს დღეებში არაერთხელ ყოფილა] მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული ობიექტების დაცვით უზრუნველყოფა“ – აღნიშნულია მერიის განაცხადში.

აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ მომზადებული „ობიექტის დაცვის თვალსაზრისით მოკვლევის აქტის“ მიხედვით, ობიექტის დაცვისთვის სავალდებულოდ გასატარებელი ღონისძიებებია:

„ობიექტის დაცვა განხორციელდეს 1 ინსპექტორის და 17 უმცროსი ინსპექტორის მიერ, სადღეღამისო, 24-საათიანი რეჟიმით;

ობიექტის კუთვნილი შენობა-ნაგებობები დაიკეტოს [ან დაილუქოს]. დაცვის პოლიცია უზრუნველყოფს მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას მატერიალური პასუხისმგებლობის გარეშე.

ობიექტის ხელმძღვანელობამ გამოყოს პირი [პირები], რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან დაცვასთან კომუნიკაციაზე.

სასაშვო რეჟიმის განხორციელების შემთხვევაში, ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ დაცვასთან შეთანხმებით შემუშავდეს სასაშვო რეჟიმის წარმოების ინსტრუქცია [საშვთა ნიმუშები] და იგი წერილობით გადაეცეს დაცვას.

ობიექტის ტერიტორიაზე მოწყობილი თვითორგანიზებული ავტოსადგომიდან უზრუნველყოფილი იქნას ავტომანქანების გაყვანა;

მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნას სრულფასოვანი, უწყვეტი ღამის განათება;

საცხოვრებელი კორპუსებიდან უზრუნველყოფილი იქნას შესახლებული პირების [მობინადრეების] გაყვანა და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის მიერ დაკავებული ფართობის გათავისუფლება;

გაითიშოს ელექტროენერგია საცხოვრებელ კორპუსებში, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც საყოფაცხოვრებო და სანიტარული მიზნებისთვის დაეთმობა პოლიციელებს;

ობიექტზე განთავსებულ საპოლიციო ჯიხურებში უზრუნველყოფილი იქნას ელექტროენერგიის მიწოდება“.

წყარო: „ობიექტის დაცვის თვალსაზრისით მოკვლევის აქტი“

უძრავი ქონება [7 კორპუსი] ბათუმში, გოგოლის ქუჩა #11-ში, სახელმწიფომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ჩამოართვა. საუბარია იმ კორპუსებზე, რომლებიც ოზთურქის კომპანიამ 2021 წელს უკანონოდ ააშენა და სახელმწიფოს მისთვის ხელი არ შეუშლია.

მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობას ბიზნესმენთან ურთიერთობა დაეძაბა, ამ კორპუსების კანონიერებაზე დაიწყო ადმინისტრაციული დავა ბათუმის სასამართლოში.

რამდენიმე ოჯახი თვითნებურად შესახლდა ოზთურქისთვის ჩამორთმეულ და უკვე სახელმწიფოსთვის გადაცემულ კორპუსებში, სადაც რამდენიმე დღეა დაცვის პოლიციაა და შენობაში სხვებს აღარ უშვებენ.

მოქალაქეებმა, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, გოგოლის ქუჩა #11 ბ-ში აქციები გამართეს.

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მოქალაქეებთან, აქციაზე, დაადასტურა, რომ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები სამთავრობო კომისიამ უნდა შეისწავლოს. მოქალაქეებმა განცხადებით ბათუმის მერიას უნდა მიმართონ.

ოზთურქისთვის ჩამორთმეული ქონების სახელმწიფოსგან ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად გადაფორმებას ამ ეტაპზე საჯარო რეესტრი განიხილავს.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge