გლობალურ ბაზარზე ოქროს ფასი კვლავ იზრდება. „ბიბისის“ ცნობით, ძვირფასი ლითონის ფასმა პირველად გადააჭარბა 5 000 დოლარს ერთ უნციაზე, რაც ოქროს ფასის ისტორიული ზრდის გაგრძელებაა. გამოცემის ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში ოქრო 60%-ზე მეტით გაძვირდა.

ფასის ზრდა უკავშირდება საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური გაურკვევლობის გაღრმავებას. კერძოდ, ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ აშშ-სა და ნატოს შორის გრენლანდიის საკითხის გამო გაზრდილ დაძაბულობაზე, რაც ინვესტორებში უსაფრთხო აქტივებისადმი ინტერესს ზრდის.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ოქროს გაძვირებაზე გავლენა მოახდინა უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე ომებმა, ასევე ვაშინგტონის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებამ, რამაც გლობალურ ბაზრებზე დამატებითი არასტაბილურობა გამოიწვია.

ამ ფონზე გაიზარდა ვერცხლის ფასიც,  ერთ უნციაზე პირველად 100 დოლარს გადააჭარბა. მონაცემებით, ვერცხლის ფასი გასულ წელს თითქმის 150%-ით გაიზარდა.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები ტრადიციულად უსაფრთხო საინვესტიციო აქტივებად ითვლება პოლიტიკური კრიზისებისა და გლობალური გაურკვევლობის პერიოდში, რაც მიმდინარე ფასების დინამიკაშიც აისახა.