საქართველოში საბანკო სესხების დაახლოებით 75% ორ ბანკზე მოდის. თუმცა მსხვილი კორპორატიული სესხების შემთხვევაში კონცენტრაცია შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსხვილი ბიზნესის დაფინანსებაზე წვდომა და სესხის პირობები, ფაქტობრივად, ორი ბანკის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ეკონომისტები ნიკოლოზ ალავიძე და ზაზა ბროლაძე ბლოგში „ორი ბანკის დუუმვირატი (duumviri, ორი კაცის მმართველობა) — საქართველოს საბანკო კონცენტრაცია და მისი ეკონომიკური ფასი“ აღნიშნავენ.
ბლოგის ავტორები ამბობენ, რომ ორი ბანკის წილი არა მხოლოდ სექტორის აქტივებში, არამედ სესხების პორტფელშიც დაახლოებით 75%-ს შეადგენს.
კვლევის ავტორები მსხვილი სესხების ბაზარზე კონცენტრაციის კიდევ უფრო მაღალი დონის შესაძლებლობას ბანკების კაპიტალთან დაკავშირებული შეზღუდვებით ხსნიან. მათი შეფასებით, მცირე ბანკებს დიდი მოცულობის სესხების გაცემის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ, რის გამოც მსხვილი კორპორატიული სესხების ბაზარი ძირითადად ორ დიდ მოთამაშეზე მოდის.
„სესხების სამი მეოთხედი ორ ბანკზე მოდის. სავარაუდოდ, მსხვილ სესხებზე ეს კონცენტრაცია კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს: ერთ მსესხებელზე რისკი ბანკის კაპიტალის ნაწილით იზღუდება, ამიტომ მცირე ბანკს დიდი სესხის გაცემა ფიზიკურად არ შეუძლია, და მსხვილი კორპორატიული სესხის ბაზარი ამ წესით ფაქტობრივად ორ დიდ მოთამაშეზე დადის. ანუ კითხვა, ვის და რა ფასად მიუწვდება ხელი კაპიტალზე, ფაქტობრივად ორი შიდა მეთოდოლოგიით წყდება. თუ ეს ორი მოდელი მეწარმეთა ერთსა და იმავე ჯგუფს ზედმეტად რისკიანად აფასებს, ეს ჯგუფი ქვეყანაში დაფინანსების გარეშე რჩება, თუმცა ბაზრიდან მას ფორმალურად არავინ აძევებს. სწორედ ამიტომ არ არის უარის სტატისტიკა კერძო ინფორმაცია: ის საჯარო პოლიტიკის მონაცემია“, - განმარტავენ ავტორები.
კვლევის ავტორების შეფასებით, ამ პირობებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა მოცულობის სესხებს გასცემენ ბანკები, არამედ ისიც, თუ რამდენ ბიზნესს ეთქვა დაფინანსებაზე უარი. მათი აზრით, უარის სტატისტიკის გამოქვეყნება აჩვენებდა, რამდენი მეწარმე ვერ იღებს დაფინანსებას და რამდენი პოტენციურად სიცოცხლისუნარიანი პროექტი რჩება საბანკო რესურსის გარეშე.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის საკრედიტო პირობების კვლევა სრულად ვერ პასუხობს კითხვას, რამდენ განაცხადს ეთქვა უარი მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში და რამდენმა მეწარმემ საერთოდ არ მიმართა ბანკს, რადგან წინასწარ ელოდა უარს.
ნიკოლოზ ალავიძე და ზაზა ბროლაძე მიიჩნევენ, რომ მცირე ბიზნესის სესხებზე უარის მაჩვენებლებისა და რისკზე მორგებული მარჟის გასაჯაროება აუცილებელია იმის დასადგენად, ვის და რა პირობებით მიუწვდება ხელი საბანკო დაფინანსებაზე.
ვრცლად: zazabroladze.blogspot.com