რუმინეთი მზად არის, ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილი საკუთარ თავზე აიღოს, რათა აშშ-მა ქვეყანაში სამხედრო კონტინგენტი არ შეამციროს,- ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბუქარესტმა ვაშინგტონს უკვე წარუდგინა კონკრეტული წინადადებები როგორც ამერიკელი სამხედროების რაოდენობის, ისე ხარჯების განაწილების შესახებ. რუმინეთის მიზანია, ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა გაიზარდოს და თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერდეს.

ამჟამად რუმინეთში 1 172 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, მაშინ როდესაც მანამდე მათი რაოდენობა 1 700-ს აღწევდა. ბუქარესტი განიხილავს პოლონეთის მაგალითს, რომელმაც აშშ-ს თითოეული სამხედრო მოსამსახურის ქვეყანაში განთავსებისთვის ყოველწლიურად 15 000 დოლარის გადახდა შესთავაზა. დანის განცხადებით, საკუთარი ინიციატივა მან აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ელბრიჯ კოლბისაც გააცნო.

რუმინეთის შეთავაზება უკავშირდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმებს ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო შემცირების შესახებ. ამასთან, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ბუქარესტისთვის რეგიონული უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. რუმინეთის ტერიტორიაზე რუსეთის დრონების ჩამოვარდნის რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა.

ნიკუშორ დანის განცხადებით, უკრაინაში ომი რუმინეთის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, რის გამოც ქვეყანას შავი ზღვის რეგიონში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება სურს. ამასთან, ბუქარესტი რუსეთთან დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას ერიდება.

რუმინეთში აშშ-ს ორი მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი აქვს განთავსებული: მიხაილ კოგელნიჩანუს ავიაბაზა და დევესელუს სარაკეტო თავდაცვის ბაზა.

რუმინეთის პრეზიდენტის განმარტებით, ქვეყანა თავდაცვის ბიუჯეტს ეტაპობრივად ზრდის, თუმცა მაღალი საბიუჯეტო დეფიციტის გამო პოლონეთის მსგავსად სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობა არ აქვს.