განათლების სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი დაამტკიცა.
ბრძანების მიხედვით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან სკოლებმა უნდა უზრუნველყონ მობილური ტელეფონების, სმარტფონების და „ჭკვიანი“ საათების შესანახი სათანადო რაოდენობის სპეციალური სათავსოების შესყიდვა-მონტაჟი.
ბრძანების მიხედვით:
„სკოლა ადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგად წესს სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესის განმავლობაში, მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების, მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის პირობებს.
ასევე, სკოლის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, მოსწავლის უფლებებსა და ვალდებულებებს და მობილური ტელეფონების/სმარტფონების და „ჭკვიანი“ საათების შესანახი სპეციალური სათავსის მიმართ მინიმალურ მოთხოვნებს“.
ბრძანებაში წერია, რომ სკოლებში მობილურების გამოყენების რეგულაციის მიზანი სასწავლო პროცესის უწყვეტობა და ეფექტიანობაა.
„წესი ვრცელდება სასწავლო პროცესის განმავლობაში სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ყველა მოსწავლეზე, გარდა ამ წესით ან/და ამ წესის საფუძველზე სკოლის მიერ დადგენილი შემთხვევებისა“.
ბრძანების თანახმად,ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივ გამოყენებად ჩაითვლება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობის გარეშე, სასწავლო პროცესის განმავლობაში მათი ჩართულ მდგომარეობაში შენახვა, ქონა ან/და გამოყენება.
ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება დასაშვებია:
- უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით, სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის;
- მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ, სკოლისათვის წინასწარ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული, ჯანმრთელობის მონიტორინგის ან/და სხვა სამედიცინო მიზნებისთვის;
- საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელ შემთხვევებში;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოსწავლეებისთვის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის (არსებობის შემთხვევაში) ან კლასის დამრიგებლისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე;
- მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, თუ აღნიშნული აუცილებელია მისი სწავლებისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რომელიც დასტურდება შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობით/დასკვნით;
და, ასევე, სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
მობილური ტექნიკის შესანახი სათავსოები სკოლამ უნდა შეისყიდოს და დაამონტაჟოს თითოეულ საკლასო ოთახში.
„სკოლა უფლებამოსილია, სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვროს სპეციალური სათავსების განლაგების პრინციპი.
ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სპეციალურ სათავსში მოთავსებას და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მათ გატანაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს კლასის დამრიგებელი ან სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული სხვა პირი/პირები.
ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების დროებით შენახვასა და მოსწავლეებისთვის მათ დაბრუნებაზე პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების დაკარგვით ან/და დაზიანებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში გააცნოს მშობლებს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს წესი და ამ წესთან დაკავშირებული შესაბამისი აქტები.
მოსწავლეს ასევე უფლება აქვს, სასწავლო პროცესის განმავლობაში პლანშეტური კომპიუტერი და პორტატიული კომპიუტერი შეინახოს ჩანთაში ან სკოლის მიერ განსაზღვრულ სივრცეში/სათავსში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამორთულ მდგომარეობაში, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.