საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა მოისმინეს და „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილეს.
წარმოდგენილი ცვლილებები კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით დაიგეგმა, თუმცა ეკონომიკური ტენდენციები წლის პირველ ნახევარში დაგეგმილთან შედარებით მაღალი იყო. შესაბამისად, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.8%-მდე გაიზარდა. განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზის თანახმად, 2026 წლის საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 5.2%-ს შეადგენს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი 2.5%-დან 1.3%-მდე მცირდება.
მომხსენებლის ინფორმაციით, მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად იმოქმედა საგარეო ვაჭრობამ და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა.
გიორგი კაკაურიძის თქმით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20 მილიარდ 535 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის 9 თვის მაჩვენებელზე დაახლოებით 9.2%-ით მეტია. ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და 6 მილიარდ 153 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 5.3%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ 382 მილიონ დოლარს მიაღწია. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 4.4%-ით არის გაზრდილი და 3 მილიარდ 796 მილიონი დოლარი შეადგინა.
წმინდა ფულადი გზავნილები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 513 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 124 მილიონი დოლარით მეტია შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 877 მილიონი ლარით იზრდება და 25 მილიარდ 873 მილიონი ლარი იქნება.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2026 წელს კულტურის სამინისტროს მიერ 240 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული და შესრულების მაჩვენებელი 86%-ია.
კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.