ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგების ნაწილს ხელფასი შეუმცირდება. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებლებს ევალებათ კომპეტენციის დადასტურება არა მხოლოდ საკუთარ საგანში, არამედ საგნობრივ ჯგუფში შემავალ სხვა დისციპლინებშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დანამატს ვეღარ მიიღებენ, რაც პირდაპირ აისახება მათი ანაზღაურების შემცირებაზე.

მინისტრობის განმარტებით, პედაგოგებს ექნებათ შესაძლებლობა, ძირითადი საგნის გამოცდის გარდა, დარეგისტრირდნენ დამატებით მაქსიმუმ სამი საგნის გამოცდაზე და ერთდროულად დაადასტურონ კომპეტენცია. თუმცა, თავად მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული მოთხოვნა მათთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

პედაგოგთა ნაწილის შეფასებით, გადაწყვეტილების რეალური მიზანი შესაძლოა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება იყოს, რადგან გამოცდებში ჩაჭრის შემთხვევაში მასწავლებლები დანამატებს დაკარგავენ. მათი თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბევრი პედაგოგისთვის საკუთარი საგნის გამოცდაც რთული იყო, ხოლო დამატებით დისციპლინებში კომპეტენციის დადასტურება კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას.

მასწავლებლები ასევე იხსენებენ ხელისუფლების მიერ ადრე გაცემულ დაპირებებს ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები მათ სრულიად განსხვავებული რეალობის წინაშე აყენებს.

tvpirveli.ge