ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 8.2%-ით, თვის ჭრილში კი 0.6%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიურად 2.3%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში კი პრაქტიკულად არ შეცვლილა, - ამის შესახებ სებ-ის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება.

„აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7791-დან 2.7543-მდე (0.9%-ით) გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ - 2.9951-დან 3.0894-მდე (3.1%-ით) გაუფასურდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7516 და 3.1305 შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7648 იყო, მინიმალური კი - 2.7492.

აპრილში, საშუალო კურსთან მიმართებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურთან შედარებით ორჯერ მეტად იყო გადახრილი. აპრილში საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია თურქული ლირის გაუფასურება; შესამჩნევად გამყარდა ევრო და რუსული რუბლი, ასევე გამყარებით ხასიათდებოდა ლარი და სომხური დრამი; აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.