2026 წლის ივნისში საქართველოში წინა თვესთან შედარებით ინფლაცია 0.1% იყო, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, საბაზო ინფლაციამ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია 3.2%-ით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასების 2.1%-იანმა ზრდამ მოახდინა. ასევე გაიზარდა ფასები ტრანსპორტის ჯგუფში (+0.6%).
ამასთან, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასები 2.3%-ით შემცირდა, ხოლო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 0.1%-იანი კლება დაფიქსირდა. სურსათის კატეგორიაში გაიაფდა რძის პროდუქტები, შაქარი და ტკბილეული, ბოსტნეული, ყავა, ჩაი და კაკაო, თუმცა გაძვირდა ხილი და ყურძენი, თევზეული, ხორცი, პური და უალკოჰოლო სასმელები.