საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე აცხადებს, რომ მათი პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდება, წლიური ინფლაცია კი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელი 3%-ის ფარგლებში იქნება.
ქავთარაძემ "საქმიან დილაში" ასევე თქვა, ინფლაცია შემცირებას 2026 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს.
"ვფიქრობთ, რომ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი 2026 წელს. ანუ ის უახლოვდება საქართველოს ეკონომიკური ზრდის ბუნებრივ დონეს. რა იქნება ამ ზრდის განმაპირობებელი 2026 წელს? ვფიქრობთ, ეს არის კვლავ მოხმარება. ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ წელს შენელება იყო მთავრობის კაპიტალურ ხარჯებში, ეს გადადის 2026 წელს და აქ ზრდა არის დაახლოებით 9.3%-იანი. ეს დამატებითი ფაქტორი იქნება. შემდეგი ფაქტორი, რასაც გამოვყოფთ, არის სტაბილური ლარის შენარჩუნების პირობებში სამომხმარებლო და საინვესტიციო განწყობების გაუმჯობესება 2026 წელს. ჩვენი პროგნოზით, მომავალ წელს ეროვნული ბანკი შეამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს დაახლოებით 0.5 პროცენტული პუნქტით, ესეც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.
მოსალოდნელია, რომ ინფლაცია დაიწყებს შენელებას. ეს გამოჩნდება მარტი-აპრილიდან. საშუალო წლიური ინფლაცია 2026 წელს მოსალოდნელია 3%-ის დონეზე. აქ მნიშვნელოვანი არის იმის გათვალისწინება, რომ ლარის კურსი სტაბილურობას შეინარჩუნებს. 2.7-ის ფარგლებში არის მოსალოდნელი საშუალო გაცვლითი კურსი დოლართან, ხოლო ევროსთან 3.13 ლარი იქნება. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ საერთაშორისო ბაზარზე ევრო კვლავინდებურად გამყარებული დარჩება, დოლარი კი გლობალურად ისევ სუსტი იქნება 2026 წლის განმავლობაში", - ამბობს ქავთარაძე.
2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ ეტაპზე განსაზღვრულია 5%-ის ფარგლებში.