ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 10.7%-ით გაიზარდა და 321.55 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ თანხის 63.3% ევროპასა და ამერიკაზე მოდის.
წლის დასაწყისიდან 8 თვეში საქართველოში გადმორიცხულია 2,373.6 მლნ აშშ დოლარი.
სებ-ის სტატისტიკით, გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.9%-ს შეადგენს, შესაბამისი 144.3 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 11.7%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი წილით მთლიან ფულად გზავნილებში იტალია, გერმანია და საბერძნეთი გამოირჩევა.
ფულადი გზავნილები ზრდადია შეერთებული შტატებიდან. კერძოდ, აგვისტოში აშშ-დან საქართველოში 59.3 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.8%-ით მეტია.
კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. აგვისტოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები წლიურად 2.9%-ით შემცირდა და 41.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.7 მლნ აშშ დოლარი (96.4 მლნ ლარი) გაიგზავნა. რაც 2024 წლის აგვისტოს (33.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.8% მეტია.