„ეს ბიუჯეტი Chatgpt-ს რომ აჩვენოთ, გამოიტანს დასკვნას, რომ ის დაგეგმილია ცუდი ეკონომიკური პროგნოზების პირობებში”, - ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ხიშტოვანმა „პალიტრანიუსისა” და რადიო „პალიტრას” გადაცემაში „საქმე“ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2026 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში გაწერილი ხარჯვითი ნაწილი მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა რთული წლისთვის ემზადება. ხიშტოვანის შეფასებით, მათ შორის უწყებების ხარჯებისა და სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციით მთავრობა ფაქტობრივად, თადარიგს იჭერს.
„ეს არის კონსერვატიული მიდგომით დაგეგმილი ბიუჯეტი, რომელიც როგორც ჩანს, რეალურად, ძალიან საღად აფასებს ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში და არ გეგმავს ამ გამოწვევების, მოსახლეობის, ბიზნესის საჩუქრებით, დაძლევას.
ჩემი ვარაუდით, ფინანსთა სამინისტროს არ სჯერა იმ ზღაპრების, რაზეც ხშირ შემთხვევაში საუბრობენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები.
ბიუჯეტი კონსერვატიული მიდგომით დაიგეგმა, სადაც მკაფიოდ გაიწერა, რომ მაგალითად, ინფრასტრუქტურის ხარჯები მცირდება დაახლოებით, 500 მლნ ლარით; ასევე ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ განათლებაში ბიუჯეტი არ იზრდება. 2026 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტის თანახმად, ხარჯვითი ნაწილის მნიშვნელოვანი ზრდა, რეალურად მოდის მხოლოდ ერთ კატეგორიაზე, ეს არის სოციალური ხარჯები - პენსიების ზრდის ნაწილი, რომლის ვალდებულებაც კანონით აქვს აღებული „ქართულ ოცნებას”, შესაბამისად, ამას ვერ გაექცეოდა.
მე ასე მესმის, აყვავებულ ეკონომიკაში, სახელმწიფო როგორც წესი, ხარჯებსაც მნიშვნელოვნად ზრდიდა. ამას ზურგს უმაგრებდა მაღალი შემოსავლები, რომელსაც ის გადასახადების სახით კრეფდა. ეს ბიუჯეტი რომ წაიკითხოს გარე დამკვირვებელმა ან Chatgpt-ს აჩვენოთ და შეაფასებინოთ, ჩემი აზრით, გამოიტანს დასკვნას, რომ ის დაგეგმილია ცუდი ეკონომიკური პროგნოზის პირობებში, კონსერვატიულად.
ჩემი აზრით, მთავრობა, „ქართული ოცნების” სახით, ემზადება რთული წლისთვის, წინასწარ დაიჭირა თადარიგი სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციით და ახლაც ძალიან კომპეტენტურად ( მ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს საქმეა) დაიგეგმა ბიუჯეტი, უდაბლესი მცირე ეკონომიკური ზრდის პარამეტრების გათვალისწინებით.
ეს არის ჩვენი ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია, რომ ზრდა იქნება მინიმალური, ინფლაცია იქნება მზარდი და სახელმწიფოს გაუჭირდება ამ თანხების ამოღება,” - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.