სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (დონორები) სახსრებით 2024 წელს 41 შესყიდვაზე გაფორმდა ხელშეკრულება. ჯამური ღირებულება 448 696 882 ლარს შეადგენდა.

შედარებისთვის, 2023 წელს დონორების სახსრებით ტენდერი შედგა 35 შესყიდვაზე, რომელთა ღირებულებაც 187 მლნ ლარამდე იყო. მონაცემები აჩვენებს, რომ 2024 წელს დონორების სახსრებით განხორციელებული შესყიდვების ღირებულება 140%-ით არის გაზრდილი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2024 წელს ყველაზე მსხვილი დონორი მსოფლიო ბანკი იყო, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც ხელშეკრულება დაიდო 36 ტენდერზე, ჯამური ღირებულება კი 420 300 153 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, სხვა დონორების წილი ასეთი იყო:

  • ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი - 4 696 243 ლარი (ერთი ტენდერი);
  • აზიის განვითარების ბანკი - 4 914 720 (ერთი ტენდერი);
  • სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია - 18 785 766 (სამი ტენდერი).

წინა წელთან შედარებით, ზრდა დაფიქსირებულია მსოფლიო ბანკის ნაწილში. კერძოდ, 2023 წელს მსოფლიო ბანკის დონორული სახსრებით გაფორმდა 121 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 28 ტენდერი.

2024 წელს დონორული სახსრებით განხორციელებული ელექტრონული ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების გადანაწილება შემსყიდველი ორგანიზაციების მიხედვით ასეთია:

  • საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - 165 736 708 ლარი (31 ტენდერი);
  • ოუფენ ნეტი - 66 347 448 ლარი (4 ტენდერი);
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 3 417 600 ლარი (3 ტენდერი);
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო - 646 736 ლარი (2 ტენდერი);
  • საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 212 548 390 ლარი (1 ტენდერი).

www.bpn.ge