ჩვენ, რომ შევხედოთ ბოლო 12-15 წლის ეკონომიკურ ზრდას - ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე, ბოლო სამ წელს თუ არ ჩავთვლით, არ გაზრდილა. ბოლო სამი წელი კი აღნიშნული ზრდა ერთჯერადმა და მილევადმა ფაქტორებმა მოიტანა, - ამის შესახებ კომპანია Reformatics-ის წარმომადგენელმა გოგა მელიქიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი რუსეთ-უკრაინის ომი გახდა და არ ყოფილა პროდუქტიულობაზე დამოკიდებული ზრდა.
გოგა მელიქიძის განცხადებით, 2025 წელს შესაძლებელია ინფლაციური ფონი შეიქმნას და ასევე, ლარზე დაწოლა გაგრძელდეს.
„2024 წელს, გამოქვეყნებული მაჩვენებლებით, ეროვნულმა ბანკმა 850 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა ბაზარს იმისთვის, რომ ლარი სტაბილურად შენარჩუნებულიყო. რომ შევხედოთ რეზერვების დინამიკას, მისი რაოდენობა პიკში 5.4 მლრდ. დოლარს შეადგენდა, ახლა კი მისი მოცულობა 4.1 მილიარდამდეა ჩამოსული. მინდა გითხრათ, რომ რეზერვები მხოლოდ ციფრებში არ იზომება.
რეზერვები საკმარისად მიეწოდა ბაზარს და მეტი უკვე მაკროეკონომიკური ფაქტორების გაფუჭებას გამოიწვევს. ამიტომ, მე მგონია, რომ რეზერვების მიწოდების რესურსი უკვე დიდი ხანია ამოწურულია. გაცვლითმა კურსმა უნდა ამოისუნთქოს, რომ იმპორტი გაძვირდეს და ლარმა ახალი ნიშნული მონახოს. სხვა შემთხვევაში რეზერვების მიწოდებამ შესაძლებელია დეფოლტი გამოიწვიოს.
გაძვირებული ლარი და შემოსავლების შენელება, რომელიც ლარს ამყარებს, იძლევა იმის მყარ საფუძველს, რომ ლარზე დაწოლა გაგრძელდება“, - აცხადებს გოგა მელიქიძე.