ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვა იგეგმება. პარლამენტისთვის წარსადგენად მზადაა საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც პრემიერმა კობახიძემ 30 იანვრის განკარგულებით დაამტკიცა.

როგორც დოკუმენტშია განმარტებული, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ავარიების შედეგად გამოწვეულ სოციალურ პრობლემებს მოაგვარებს.

ამჟამად სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის ფარგლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი სათანადო კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში იღებს მაშინაც კი, როდესაც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. სოციალური დაცვის ამ ქმედითი მექანიზმის დანერგვის შემთხვევაში, თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული გახდება შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია, თუმცა კონკრეტულად პრემიის ოდენობები და პოლისის საფასური ჯერ დაკონკრეტებული არაა. დოკუმენტში წერია მხოლოდ ის, რომ დაზღვევის სავალდებულო ფორმით განხორციელება მიმართულია პენეტრაციის მაღალი ხარისხის მიღწევის და სადაზღვევო პრემიის ოდენობის ოპტიმალური მინიმიზაციისკენ, რაც მხოლოდ სრულად ათვისებული ბაზრის პირობებშია შესაძლებელი.

მთავრობა მოელის, რომ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის დანერგვა ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სადაზღვევო კულტურის, ამ მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების და სექტორისადმი ნდობის ამაღლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია დაზღვევის, როგორც მოულოდნელ ფინანსურ დანახარჯებთან გამკლავების ალტერნატიული საშუალების ეფექტიანი ფუნქციონირება. მთავრობას არგუმენტად მოჰყავს საქართველოს აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც ქვეყანამ თავისი კანონმდებლობა უნდა დაუახლოოს ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის, 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/103/EC დირექტივას, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას და მოცემულ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში ამ ვალდებულების შესრულებას.

“საქართველოში დინამიკურად მზარდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ფონზე, შესამჩნევად იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები. ყოველწლიურად, საქართველოს გზებზე ფიქსირდება ასობით ადამიანის გარდაცვალებისა და ათასობით ადამიანის სერიოზული დაშავების ფაქტი. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მონაწილეები სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე აქტიური მოქალაქეები არიან, მათგან ბევრი ახალგაზრდაა, ბევრი დაუცველი - ბავშვები, მოხუცები. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხშირად სამუდამო ტრავმებით/დაზიანებებით, აქტიური მუშაობის შეწყვეტითა და მაღალი ხარჯებით სრულდება არა მარტო მსხვერპლისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვის, ზიანის მიმყენებელი პირისთვის, რომლისთვისაც მძიმე ტვირთია ასეთი ხარჯების გაწევა, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის, დამსაქმებლისა და ჯანდაცვის სისტემისთვის. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა მოითხოვს სისტემურ გადაწყვეტას, რაც ათწლეულების კვლევისა და მრავალი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის გზით.

სოციალური დაცვის ამ ქმედითი მექანიზმის შესაქმნელად თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. დაზღვევის სავალდებულო ფორმით განხორციელება მიმართულია პენეტრაციის მაღალი ხარისხის მიღწევის და სადაზღვევო პრემიის ოდენობის ოპტიმალური მინიმიზაციისკენ, რაც მხოლოდ სრულად ათვისებული ბაზრის პირობებშია შესაძლებელი”, - ვკითხულობთ განკარგულების დოკუმენტში,